უკრაინის მორიგი შეტევა სამრეწველო და სამხედრო ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში
By

უკრაინის მორიგი შეტევა სამრეწველო და სამხედრო ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 23-დან 24 ივნისს, ღამით უკრაინიდან 1200-კილომეტრზე მეტი მანძილის დაშორებით, რუსეთის ორენბურგის ოლქში დაარტყეს გაზის გადამამუშავებელ ქარხანას და რუსეთში ერთადერთ ჰელიუმის ქარხანას. უკრაინის გენშტაბის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაში ჩართული ორივე საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, ზარალის მასშტაბი კი დაზუსტების ეტაპზეა.

24 ივნისს, დილით, ორენბურგის ოლქის სამთავრობო ტელეგრამარხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახური აწარმოებს რეგიონის „ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს თავზე“ უკრაინული დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციას“, დაშავებულები არ არიან და „მავნე ნივთიერებების გაფრქვევა არ დაფიქსირებულა“. ორენბურგის ოლქის ხელისუფლებას არც საწარმო დაუკონკრეტებია და არც შედეგები, რომელთა „ლიკვიდაციაც“ მიმდინარეობს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 24 ივნისს განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ვლადიმირის ოლქში დაარტყეს კოსმოსური კავშირის ცენტრ „ვლადიმირსაც“, რომლის ორი შენობა დაზიანებულია.

გენერალურმა შტაბმა 24 ივნისს დააზუსტა მოსკოვის ოლქში მდებარე კოსმოსური კავშირის ცენტრ „დუბნაზე“ 22 ივნისს განხორციელებული შეტევის შედეგები. უკრაინული მხარის თანახმად, მონაცემების დამატებითი ანალიზის საფუძველზე დადასტურებულია დარტყმა 32-მეტრიანი ანტენის (MARK-IV) სააპარატო კომპლექსსა და მის გვერდით მდებარე ტექნიკურ შენობაზე და მთავარ საწარმოო-ადმინისტრაციულ კორპუსზე.

 

  • No Comments
  • ივნისი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *