უკრაინული დრონების თავდასხმა – ლენინგრადის ოლქში
,,ბი-ბი-სი“ ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებაზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინული დრონების მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ლენინგრადის ოლქში, უსტ-ლუგას პორტში ხანძარი გაჩნდა.
მოგვიანებით დროზდენკომ განაცხადა, რომ უსტ-ლუგას პორტში თავდასხმის „ყველა შედეგი ლიკვიდირებულია“ და მსხვერპლი არ არის.
მედიაში აღნიშნავენ, რომ უსტ-ლუგას საზღვაო პორტი ბალტიის ზღვის ერთ-ერთი უმსხვილესი პორტი და რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საექსპორტო ჰაბია. პორტი მანამდე არაერთხელ გამხდარა უკრაინული დრონების თავდასხმის სამიზნე.
ამავდროულად, ლატვიის საჰაერო სივრცეში უცხოური დრონი შევიდა, რომელიც ნატოს მისიის ფარგლებში პატრულირებადმა გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს. დრონის წარმომავლობის შესახებ ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.