ფესტივალის პირველი ეტაპი წარმატებული იყო
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, მწერალი, შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე ვახტანგ გოგრაჭაძე მრავალმხრივ შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად, შუახევში კინოფესტივალისა და კულტურულ-შემოქმედებითი ფესტივალის „შვილიშვილები“ დაარსების ინიციატორი და ორგანიზატორიცაა. შარშან ფესტივალმა მხოლოდ შუახევის რაიონი მოიცვა, წელს აჭარის მთიანეთის სამივე მუნიციპალიტეტის ცეკვისა და სიმღერის ის მიმდევრები შემოიკრიბა, რომელთა ბაბუები და ბებიები წლების წინ ქართულ ფოლკლორს ამრავალფეროვნებდნენ.

ფესტივალის „შვილიშვილები“ შესარჩევი ტური ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. მათ ჟიურის წინაშე წარადგინეს მრავალფეროვანი საკონკურსო ნომრები, რომლებმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა რეგიონის ახალგაზრდების შემოქმედებითი შესაძლებლობები და პოტენციალი.
ფესტივალის მონაწილეთა გამოსვლები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა. დასკვნითი ტური მალე ჩატარდება. ორგანიზატორსა და მხარდამჭერებს ფულადი ჯილდოები აქვთ დაწესებული – გრანპრის მფლობელს 800 ლარი გადაეცემა, პირველ და მეორე ადგილებზე გასულებს – შესაბამისად, 500 და 300 ლარი.

– წლებია, ქედაში, კულტურის სფეროში ვსაქმიანობ, მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი ფესტივალის მომსწრე ვარ. ერთი ფესტივალი ჩემი ინიციატივით წამოვიწყეთ, რომელიც წარმატებით გაგრძელდა. იგივეს ვუსურვებ ბატონ ვახტანგის მიერ ორგანიზებულ ფესტივალს „შვილიშვილები“. ქედა რამდენიმე მონაწილით წარსდგა. იმედია, ჟიური მათ გამოსვლებს სათანადოდ შეაფასებს, – აღნიშნა ლია მახარაძემ.
ნუნუკა მშველიძემ, რომელიც წლებია ფოლკლორს ემსახურება და თბილისიდან ჟიურიში იყო მოწვეული, გვითხრა: „ხულოს თეატრის სცენაზე საინტერესო შემსრულებლები ვიხილეთ. ბაბუის გზას აგრძელებს შუახეველი ნინი ცეცხლაძე, ცხმორისელი იმედა ვასაძე შვილიშვილებთან ერთად დაქროდა სცენაზე, იმღერა ვაშლოვანელი გურამ აბულაძის შვილიშვილმა, საინტერესო იყო მაწყვალთელი ტარიელ მაკარაძის, „ქოჩახელას“ შვილიშვილების გამოსვლები, რაც იმის დასტურია რომ ხალხში დავანებულ ფოლკლორს ღირსეული გამგრძელებლები ჰყავს“.
– ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრს მასპინძლობისა და თანამშრომლობისთვის, ასევე ყველა მონაწილეს, მათ მშობლებს, პედაგოგებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. თითოეულ კონკურსანტს წარმატებას ვუსურვებთ ფესტივალის შემდგომ ეტაპებზე. გვჯერა, რომ პროექტი „შვილიშვილები“ მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს თაობებს შორის კულტურულ დიალოგსა და შემოქმედებით ურთიერთობებს, – თქვა ჩვენთან საუბარში ვახტანგ გოგრაჭაძემ.
ოთარ ცინარიძე
გალერეა
