ქართულ ღვინოს საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
By

ქართულ ღვინოს საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ ღვინის, საკვების, ალკოჰოლური სასმელებისა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში „Wine Vision by Open Balkan“ 2026 ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის, რაც ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებას, საექსპორტო ბაზრების გაფართოებასა და ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებას უწყობს ხელს.

გამოფენა ბელგრადში ყოველწლიურად იმართება და ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მასშტაბური გამოფენაა. მასში ტრადიციულად მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 500-მდე მწარმოებელი იყრის თავს. ის არის უნიკალური სივრცე ღვინის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, დისტრიბუტორებისა და იმპორტიორებისთვის ახალი პარტნიორული კავშირების დასამყარებლად.

საერთაშორისო გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე დაესწრო.

სააგენტოს ინფორმაცით, ქართველმა მწარმოებლებმა გამოფენაში „Wine Vision by Open Balkan 2026“ მონაწილეობის მისაღებად მხარდაჭერა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს, რომელიც დიპლომატიურ წარმომადგენლობას ასევე, სერბეთის რესპუბლიკაში ახორციელებს.

ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და მისი საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში, რაც ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას უწყობს ხელს.

  • No Comments
  • ოქტომბერი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *