„ღამის სერენადები – 2026“ ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილეს ეძღვნება
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები – 2026“ 19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის პროგრამა ჟანრობრივად განსაკუთრებულად მრავალფეროვანია – შვიდ გამორჩეულ კონცერტს მოიცავს და ლეგენდარული ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლები: ბეატრიჩე ვენეცი (დირიჟორი), იუკი სერინო (ვიოლინო), ანდრეს გაბეტა (ვიოლინო), მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი), გლორია კამპანერი
(ფორტეპიანო), იან-ერიკ გუსტავსონი (ჩელო), ანა-ლიზა ბეზროდნი (ვიოლინო), სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), სანდრო გეგეჭკორი (ფორტეპიანო), ნელო სალცა (საყვირი), მარიკა მაჩიტიძე (სოპრანო), ნიკოლოზ ვადაჭკორია (ფლეიტა), გიორგი შიოლაშვილი (ფორტეპიანო).
ფესტივალში ასევე მონაწილეობენ გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო – ლელა მჭედლიძე).
„ღამის სერენადები“ 19 აგვისტოს, 20:00 საათზე, ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გაიხსნება.
პირველი ბათუმური კონცერტი 21 აგვისტოს, 20:00 საათზე, დრამატულ თეატრში გაიმართება.
პირველ ორ კონცერტს იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი უხელმძღვანელებს, სოლისტი კი იაპონელ-იტალიელი მევიოლინე იუკი სერინო გახლავთ. ფესტივალის საბაზო ორკესტრთან – „საქართველოს ვირტუოზები“ ერთად ისინი შეასრულებენ: პ. ჩაიკოვსკის „სერენადას სიმებიანი ორკესტრისთვის“; კ. სენ-სანსის „ინტროდუქციასა და რონდო კაპრიჩიოზოს“; ფ. მენდელსონის იშვიათად შესრულებად სავიოლინო კონცერტს რე მინორში.
23 აგვისტოს, 20:00 საათზე, ბათუმელი მაყურებელი იხილავს პროექტს „მარია ბუენოს-აირესიდან – გადატვირთვა“, რომელშიც მონაწილეობენ მევიოლინე და დირიჟორი ანდრეს გაბეტა, ბანდონეონის ვირტუოზი მარიო სტეფანო პიეტროდარკი, სოპრანო მარიკა მაჩიტიძე და „საქართველოს ვირტუოზები“. პროექტი ბაროკოსა და ტანგოს გამორჩეული მუსიკალური სინთეზია.
25 აგვისტოს, 20:00 საათზე, ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება პროექტი „Tango-Operazione“, რომელშიც მონაწილეობენ გლორია კამპანერი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი, მარიკა მაჩიტიძე და ნიკოლოზ ვადაჭკორია. პროგრამა მთლიანად ასტორ პიაცოლასა და კარლოს გარდელის შემოქმედებას ეძღვნება. მასში ტანგო და საოპერო მუსიკა შთამბეჭდავადაა შერწყმული.
16 სექტემბერს ფესტივალი საქართველოს დედაქალაქში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაინაცვლებს, 20:00 საათზე ქართველი პიანისტები სანდრო ნებიერიძე და სანდრო გეგეჭკორი საფორტეპიანო დუეტის კონცერტზე კლასიკური მუსიკის შედევრებს შეასრულებენ.
18 სექტემბერს, 20:00 საათზე, იმავე დარბაზში ბეატრიჩე ვენეცი უხელმძღვანელებს გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრს. მაყურებლის წინაშე წარსდგებიან სოლისტები. ცნობილი ფინელი ჩელისტი იან-ერიკ გუსტავსონი და ესტონელი მევიოლინე ანა-ლიზა ბეზროდნი, რომლებიც ბრამსისა და სენ-სანსის ნაწარმოებებს შეასრულებენ.
„ღამის სერენადები“ 20 სექტემბერს, 20:00 საათზე ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გრანდიოზული პროექტით „მორიკონე – კინოს ლეგენდა“ დაიხურება.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ საყვირის ლეგენდარული ვირტუოზი იტალიელი ნელო სალცა, პიანისტი გიორგი შიოლაშვილი და „საქართველოს ვირტუოზები“. მსმენელი მოისმენს ენიო მორიკონეს უკვდავ მუსიკას ფილმებიდან: „ერთხელ ამერიკაში“, „ერთხელ ველურ დასავლეთში“, „ახალი კინოთეატრი პარადიზო“, „მალენა“ და სხვა.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალ „ღამის სერენადების“ დამფუძნებელია ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ისაკაძე, ორგანიზატორი – კომპანია „არტ ალიანსი“, ფესტივალის დირექტორი – ნინა ცაგარელი.
ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო; სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო; თბილისის მერია; ბათუმის მერია; ბორჯომის მერია; იტალიის საელჩო საქართველოში; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა – „ნიჭიერთა ათწლედი“.
მასპინძელი სასტუმროები: „ბორჯომი ლიკანი“ და „Hilton Garden Inn Tbilisi“.
პარტნიორი კომპანიები: „ლუტეცია“, „ივ როშე“, „პიელ ნატურალსი“, „სარაჯიშვილი“, „პავილიონ ვაინსი“, „პსპ“ და ავეჯის სახლი „ნიტა“.
საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, „რუსთავი 2“, „იმედი“, „პოს TV“, „Euronews Georgia“, Billboard Georgia, ტელევიზია „ერთსულოვნება“, გაზეთი „აჭარა“, სააგენტო „კლიპ არტი“, Ambebi.ge, „პრაიმ ტაიმი“, Georgia Today, The Messenger-ი, ჟურნალი „სარკე“, „აჭარა თაიმსი“, რადიო „ფორტუნა“ და „Fortuna.ge“.