შალვა ბახტაძე
ქართულმა მათემატიკურმა მეცნიერებამ კიდევ ერთი დანაკლისი განიცადა. მოულოდნელად გარდაიცვალა ცნობილი მეცნიერი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი, პროფესორი შალვა ახმედის ძე ბახტაძე.
ბატონი შალვა დაიბადა 1952 წელს შუახევის რაიონის სოფელ ცინარეთში. მრავალშვილიან ოჯახში აღზრდილმა კარგად იცოდა შრომისა და ადამიანური ურთიერთობის ფასი. უჩამბის საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. იყო ყველაზე პრესტიჟული სტიპენდიის სტიპენდიატი
1973-1974 წლებში განათლების სამინისტროს განაწილებით მუშაობა დაიწყო შუახევის რაიონის სოფელ ბრილის საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ და მათემატიკის მასწავლებლად. 1974-1975 წლებში შუახევის რაისაბჭოს აღმასკომის განათლების განყოფილების სასკოლო ინსპექტორად დააწინაურეს, რომელსაც ევალებოდა მათემატიკის და ფიზიკის სწავლების, ასევე, მოსწავლე ახალგაზრდობაში სპორტული და მხატვრული თვითმოქმედების ხელმძღვანელობა და კონტროლი. საზოგადოებრივ საწყისებზე იყო რაიონის სახალხო კონტროლის კომიტეტის წევრი, რაისაბჭოს აღმასკომის ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, შუახევის განათლების მუშაკთა პროფკავშირის რაიკომის თავმჯდომარე.
შალვა ბახტაძემ სამხედრო სამსახური 1975-1976 წლებში გაიარა. 1976-1979 წლებში შუახევის რაიონის ბარათაულის საშუალო სკოლის დირექტორი და მათემატიკის მასწავლებელი გახლდათ. მომდევნო წლებში იმუშავა შუახევის რაიონული დაუსწრებელი საშუალო სკოლის დირექტორად და მათემატიკის მასწავლებელად, დაბა შუახევის საშუალო სკოლის დირექტორად და მათემატიკის მასწავლებელად. 1983–1985 წლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიზნობრივი წესით, წარმოებისაგან მოწყვეტით, სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრასთან არსებულ ასპირანტურაში, სპეციალობით: „გეომეტრია და ტოპოლოგია“, რომლის დასრულების შემდეგ, 1986 წლის იანვრიდან, უწყვეტად მუშაობდა მშობლიურ ინსტიტუტში, რომელიც შემდეგ უნივერსიტეტი გახდა. აქ სხვადასხვა დროს იკავებდა მასწავლებლის, მათემატიკის კათედრის დოცენტის, ასოცირებული პროფესორის თანამდებობებს, ლექციებს სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა. მის საკანდიდატო ნაშრომს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები.
1986 წლიდან მოყოლებული, გარდაცვალებამდე ლექციებს კითხულობდა შემდეგ სასწავლო დისციალინებში: ანალიზურ გეომეტრიაში, გეგმილურ გეომეტრიაში, ალგებრულ ტოპოლოგიაში, დიფერენციალურ გეომეტრიაში, ტოპოლოგიურ ჯგუფებში, მათემატიკურ ანალიზში (ფიზიკოსებისათვის), ალბათობის თეორიასა და მათემატიკურ სტატისტიკაში, მათემატიკურ ლოგიკაში, უმაღლეს მათემატიკაში (ინჟინრებისთვის), წრფივ ალგებრასა და ანალიზურ გეომეტრიაში(ინჟინრებისთვის).
1991 წლის ივნისიდან 2005 წლის ოქტომბრამდე უწყვეტად იმუშავა ბსუ-ის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანად. ამ პოზიციაზე მუშაობის წლებში წარმოჩნდა მისი გულისხმიერი დამოკიდებულება სტუდენტებისა და კოლეგებისადმი. დეკანატის მხრიდან საქმიანი მხარდაჭერით, დახმარებებითა და ხელშეწყობით ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სინამდვილეში მომზადდა სამი მეცნიერებათა დოქტორი და 11 მეცნიერებათა კანდიდატი, რის შედეგადაც პროფესორ-მასწავლებელთა ხარისხობრივი და აკადემიური დონის ზრდით ფაკულტეტი წამყვანი გახდა მთელ უნივერსიტეტში. მისი ინიციატივით და ორგანიზებით 1997-1999 წლებში (მაის-ივნისის თვეებში), მათემატიკის კათედრის გამგის პროფესორ დურსუნ ბალაძის, პროფესორ იაშა დიასამიძის, მეცნიერებათა კანდიტად ზებურ ავალიანის აქტიური მონაწილეობით, რამდენიმეჯერ იმყოფებოდნენ აჭარა-გურიის რაიონულ ცენტრებში და პროპაგანდას უწევდნენ აბიტურიენტებს, რომ გაჰყოლოდნენ მათემატიკოსის სპეციალობას.
1996 წლიდან ფაკულტეტთან მისი ინიციატივით დამატებით ეკონომიკის მეცნიერებათა მიმართულება შეიქმნა.
შალვა ბახტაძის ავტორობით გამოცემულია მათემატიკის დამხმარე სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის – „სახალისო მათემატიკა“. იყო 15-მდე მონოგრაფიისა და 90-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, 10 წიგნის რედაქტორი.
განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი აჭარა-გურიის რეგიონის სკოლების ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელთა მომზადებაში.
პედაგოგიურ და მეცნიერულ მუშაობას შესანიშნავი ოჯახის წინამძღოლობას, მამისეული კერიის პატრონობასა და მშობლიური სოფლის მოსახლეობისადმი თანადგომას უხამებდა. გაწეული ამაგი დაუფასდა. მისი საქმიანობა სამთავრობო ჯილდოებით აღინიშნა, მინიჭებული ჰქონდა „საპატიო შუახეველის“ წოდება.
წავიდა ჩვენგან კარგი მეგობარი, ქვეყნისა და კუთხის ინტერესების დამცველი და მომავალ თაობაზე მზრუნველი პიროვნება, რომელსაც მრავალი დაუსრულებელი საქმე დარჩა. მის საქმეებსა და სახელს ერთგული თანამეცხედრის, შვილებისა და შვილიშვილების, ახლობლების, მოსწავლეების სახით გამგრძელებელი არ მოაკლდება.
უფალმა სამუდამო სასუფეველი დაუმკვიდროს!
მეგობრების ჯგუფი