შალვა პაპუაშვილი ბელგიელ კოლეგებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის სენატის პრეზიდენტ ვინსენტ ბლონდელსა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ პიტერ დე როვერს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული გამოწვევები განიხილეს.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა გაიხსენეს 2025 წლის აპრილში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში გამართული ნაყოფიერი შეხვედრა და ხაზი გაუსვეს ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარის ორმხრივი ვიზიტის მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე საქართველო-ბელგიის ურთიერთობებში.
შეხვედრის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონულ გეოპოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებებსა და შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული გამოწვევები და ხაზი გაუსვეს დიალოგის მნიშვნელობას. ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბელგიელ კოლეგებს საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.
ბელგიის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრისას დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, თანამედროვე სამყაროში თანამშრომლობისა და უთანხმოების დაძლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა სწორედ დიალოგია.
„დიალოგი მნიშვნელოვანია, თანამედროვე სამყაროში ქიშპს და გაყოფას ყოველთვის დიალოგი სჯობს, მგონი, ეს გასაგებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ბელგიის პარლამენტის ხელმძღვანელობის მხრიდან სწორედ ამ კონტექსტში გვქონდა საუბარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ბელგია თავის მხრივ, ბრიუსელის სხვადასხვა ინსტიტუციასთან იმუშავებს იმისთვის, რომ 2024 წლის ივლისში მიღებული გადაწყვეტილება შეცვალონ.
„თუ ჩვენ გვინდა ევროპული ღირებულებების გაზიარება და პრაქტიკად ვაქციოთ საერთაშორისო თანამშრომლობა, აქ ერთადერთი პასუხია დიალოგში. ამიტომ, ჩვენი გახსნილობა და შეთავაზება ყოველთვის იყო, მათ შორის, 2024 წლის ივლისში, როცა ევროკავშირმა ცალმხრივად შეაჩერა დიალოგი. დღეს, ჩვენ მზად ვართ, რომ დიალოგი აღვადგინოთ. ვისაც ხალხის მხარდაჭერა და არგუმენტირებული, მტკიცე პოზიცია აქვს, მას დიალოგის არ ეშინია. დიალოგს ისინი გაურბიან, ვისაც მყარი პოზიცია არ აქვს. ევროკავშირს დიალოგის შეჩერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას ვთავაზობთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შეხვედრა ბელგიის სამეფოში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.