By
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს საგარეო კურსზე, ევროკავშირის დამოკიდებულებაზე, სააკაშვილის საკითხსა და საკონსტიტუციო დავაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბოლო განცხადებებში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. მათ შორის იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, უკრაინის ომის შესაძლო შედეგები, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი და საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ მიმდინარე დავა.
პაპუაშვილმა 2008 წლის ომის გამოცდილებასა და უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას აღნიშნა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში პოლიტიკური ვითარება საბოლოოდ კვლავ შეიცვლება და დასავლეთი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას შეეცდება. მისი შეფასებით, ამ პროცესში ყველაზე მეტად უშუალოდ ომში ჩართული ხალხი დაზარალდება. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წინასწარ გათვალა ესკალაციაში ჩართვის შესაძლო შედეგები და ასეთი ნაბიჯებისგან თავი შეიკავა.
„ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება ამ ყველაფერს თავიდანვე რომ ვხედავდით, იმიტომაც არ შევყევით ამ ესკალაციაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, ბრიუსელის რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, საქართველო დღეს „ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა“ იქნებოდა.
ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის დაბალი დონის შეთავაზებას პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართველი ხალხისა და ქვეყნის სუვერენიტეტის უპატივცემულობა უწოდა“. მან ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს გვერდის ავლით ამ საკითხზე საუბარი წარმოუდგენელია.
„ეს არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, რასაც სჩადის ბრიუსელი, ქართველი ხალხის სუვერენიტეტის უპატივცემულობა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის უპატივცემულობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა და ევროკავშირის ბიუროკრატიის დამოკიდებულება საბჭოთა მოსკოვის ქმედებებს შეადარა. მისივე თქმით, საქართველო სათანადო მიწვევის გარეშე ასეთ შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს.
მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საუბრისას შალვა პაპუაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის მიერ ჩადენილი დანაშაულების მონანიებისა და პასუხისმგებლობის აღების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სააკაშვილი სასჯელს სრულად მოიხდის, რადგან „ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება“. პაპუაშვილის შეფასებით, სააკაშვილის მიერ დანაშაულების აღიარება იმ გარემოებებისა და შესაძლო კავშირების შესახებ საუბარსაც მოითხოვდა, რომლებიც, მისი მტკიცებით, საქართველოში მის დაბრუნებას უკავშირდებოდა. მან ასევე გააკრიტიკა უცხოელი პოლიტიკოსებისა და ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც სააკაშვილს პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ მიმდინარე დავის შეფასებისას პაპაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილმა მასალებმა ხელისუფლების სარჩელის დასაბუთებულობა კიდევ ერთხელ აჩვენა. მისი თქმით, პარტიების წარმომადგენლებმა წარდგენილ ბრალდებებს სათანადო პასუხი ვერ გასცეს და ვერცერთი მათგანი ვერ უარყვეს.
„პრეტენზიები, რომელიც ხუთი პარტიის მიმართ წაყენებული გვაქვს, სრულად დასაბუთებულია მათი ისტორიიდან გამომდინარეც და იმ პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც კი მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.