შეხვედრები მოსახლეობასთან, პატივგება – სტიქიის მსხვერპლთ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მთიანი აჭარის, კერძოდ, სხალთა-ხიხანის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა და ხულოს მუნიციპალიტეტში ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს გაეცნო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მაღალმთიანი აჭარის განვითარების პრიორიტეტებზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მთაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის განვითარება და ტურისტული პოტენციალის გაძლიერებაა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკური აქტივობის ზრდას, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

აღსანიშნავია, რომ ზამლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის 7 კილომეტრამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები მოიცავს გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციასა და ასფალტობეტონის საფარის დაგებას, ხიდის მშენებლობას. ასევე, მოეწყობა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

ბატონმა ზურაბ პატარაძემ მთიან აჭარაში, რამდენიმე ადგილზე, მათ შორის გოდერძის უღელტეხილზე მეცხოველეებთან, სხალთა-ხიხანის ხეობაში ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრები გამართა და მოსახლეობის საჭიროებებისა თუ მოთხოვნების, აგრეთვე, ინიციატივების, მოსაზრებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრების დასასრულს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თანმხლებ პირებთან ერთად პატივი მიაგო სოფელ წაბლანაში 1989 წლის 19 აპრილს სტიქიური მოვლენის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
შეხვედრებს ზურაბ პატარაძესთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები ფრიდონ ფუტკარაძე, მინურ პაქსაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის მთავრობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცოტნე ცაბაძე