შიო მესამე : ჩვენ ვივლით ქრისტეს გზით და ასე, ამ სიხარულით, ყოველთვის უფალთან ვიქნებით
By

შიო მესამე : ჩვენ ვივლით ქრისტეს გზით და ასე, ამ სიხარულით, ყოველთვის უფალთან ვიქნებით

„როდესაც ვცდილობთ, ჯვარს გავექცეთ, მოვიშოროთ, ჩვენ ვშორდებით ქრისტეს ჯვარს, ჩვენ ვშორდებით თვით უფალს, მაგრამ როდესაც ჩვენ მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით ვღებულობთ, ვზიდავთ ჩვენ ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქმა მართლმადიდებლებს ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დღეს ვფიქრობთ უფლის ჯვარზე მის მნიშვნელობაზე და ძალაზე. შეგვეწიოს ყველას მისი ძალა და მადლი ცხოველსმყოფელისა ჯვარისა.
უფალი იესო ქრისტე ნებსით მოკვდა ჯვარზე, ჩვენ ცოდვილებისთვის, დამნაშავეებისთვის, რომ გადაგვარჩინოს, გვიხსნას და გვაცხონოს. ჩვენ როდესაც თაყვანს ვცემთ მაცხოვრის ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ პირველ რიგში აი, ამ სიყვარულის ღვაწლს, დიდი თავგანწირული სიყვარულის ღვაწლს. სწორედ ეს სიყვარული აღსრულდა, ეს ღვაწლი აღსრულდა ჯვარზე. ჩვენ ასევე ჯვრის თაყვანისცემით თაყვანსა ვცემთ ჩვენი მკვდრეთით აღდგომის იმედს და სიხარულს. რადგან, როდესაც იესო ქრისტე ჯვარზე მოკვდა და საფლავი დაიბეჭდა, თითქოს ყველაფერი დასრულდა. მაგრამ სწორედ ამ დროს აღდგა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ჩვენი იმედიც სწორედ ამაშია. რომ ცოდვის უფსკრულიდან, დაცემულობის უფსკრულიდან, ჩვენ შეიძლება აღვდგეთ ქრისტიანული ცხოვრებისთვის და ღმერთთან თანაზიარებისთვის.
მძიმე და დიდი იყო ჯვარი, რომელზეც ჯვარს ეცვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. თქვენ იცით, ის ხისგან იყო დამზადებული და მას შემდეგ სხვადასხვა ადამიანები აკეთებდნენ ასეთი დიდი ზომის ჯვრებს და ერთობლივი ძალისხმევით მიაბრძანებდნენ იერუსალიმში და გოლგოთის გზაზე აჰქონდათ… მაგრამ ჯვარი ქრისტესი არ არის მხოლოდ ხისგან ან სხვა რაიმე მასალისგან დამზადებული. არსებობს ასევე, სულიერი ჯვარიც, რომელიც შედგება ადამიანთა ცოდვებისგან და განსაცდელებისგან, მწუხარებებისგან, სნეულებებისგან, ოჯახური სირთულეებისგან. და როდესაც ადამიანი სცოდავს და ამ ცოდვაში ჯიუტად ყოფნას განაგრძობს მაშინ, ამ ჯვრებს, ამ თავის ჯვარს ამძიმებს. ხოლო როცა ადამიანი ცოდვას ებრძვის და ამარცხებს, მაშინ ის თავის ჯვარს ამსუბუქებს“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.
შიო მესამემ სოხუმის დაცემის დღეზეც ისაუბრა.
„დღეს ჩვენ ვიხსენებთ სამწუხარო და ტრაგიკულ მოვლენას ჩვენი უახლესი ისტორიისა. შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან, სოხუმის დაცემიდან. ამ საშინელმა ომმა მოიტანა 30 000 მდე დაღუპული ადამიანი, ასობით ათასი განდევნილი თავისი მიწა-წყლიდან, თავისი კუთხიდან, სახლიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია. ომის შემდეგ, უკვე კოდორის გზაზე სიარულისას, კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესეც დიდი ჯვარია ღვთისგან დადებული და არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ამ დღეს დაემთხვა სოხუმის დაცემა და იოანე ოქროპირის ხსენებაც ხომ სწორედ ამ დღეს არის, რომელიც დაკრძალული იყო აფხაზეთში. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ ომზე და ალბათ, მე მახსენდება კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სიტყვები – რომ იმ ომში არავინაა გამარჯვებული, აფხაზებიც და ქართველებიც დამარცხდნენ. ჩვენ თუ გვინდა რომ ეს ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ და მარგებელი იყოს ჩვენთვის, რომ ერი კვლავ გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, შენდობა, ურთიერთპატიება. მე ძალიან ვხარობ იმით, რომ დღეს ყველა ადამიანი საქართველოში ამ განწყობით არის. ეს გვაერთიანებს“, – აღნიშნა შიო მესამემ.

  • No Comments
  • სექტემბერი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *