„ჩემმა ცხოვრებამ მრავალი სირთულე, ტკივილი და გამოცდა დაიტია“
By

„ჩემმა ცხოვრებამ მრავალი სირთულე, ტკივილი და გამოცდა დაიტია“

შუახევის რაიონის სოფელ ტბეთის (ლომსიანეთის უბანი) მკვიდრი შუშანა ვახტანგიძე იმ ადამიანებს შორისაა, რომლებმაც საკუთარი შრომითა და თავდადებით წლები უკან მოიტოვეს და ქვეყნის სამსახურში პირადი წვლილი გაიღეს. 80 წლის ქალბატონი დღესაც ჩვეული ენერგიით უვლის ოჯახს. მასთან საუბარი საინტერესო გამოდგა.

– ტკბილი და შერგებული ბავშვობა არ მქონია. სუნდუს ბერიძისა და სულეიმან ვახტანგიძის ოჯახში 3 ვაჟი და 2 ქალიშვილი ვიზრდებოდით. დედა მოფრინეთელი ზექერია ბერიძის ქალიშვილი იყო. ბაბუას თავს დაატყდა წინა საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიები. შვილიშვილებს მისი სტუმრობა გვიხაროდა. უმაღლესი განათლება სტამბოლში ჰქონდა მიღებული. კარგად ფლობდა არაბულ, თურქულ, რუსულ და ქართულ ენებს. მრავალი განსაცდელი ჰქონდა გამოვლილი, მაგრამ მაშინდელ ხელისუფლებასა და იოსებ სტალინზე აუგს ვერ დააცდენინებდნენ. გოგაძეებში, შემდეგ ლომსიანეთში რომ მესტუმრებოდა, ზოგიერთები განგებ ჩამოუგდებდნენ სიტყვას ხელისუფლებასა და მაშინდელ ლიდერებზე, უფალს ახსენებდა და საუბარს სხვა თემაზე გადაიტანდა. ჩემს მშობლებს, შვილიშვილებს მუდამდღე გვარიგებდა, სხვის საქმეში არ ჩაერიოთო, უფალი გწამდეთო. კომუნისტური რეჟიმი მასაც ღვთისმსახურებას უკრძალავდა, მაგრამ მიცვალებულის გაპატიოსნებას, სხვა რიტუალებს ფარულად მაინც ასრულებდა. ჩვენ იმ სოფლის მკვიდრები ვიყავით, რომლის ხელმძღვანელ სულიჯან თურმანიძეს მეორე მსოფლიო ომის წლებში თავდადებული შრომისთვის უმაღლესი მთავარსარდლის მადლობა ჰქონდა მიღებული კარტოფილისა და სოფლის მეურნეობის სხვა კულტურების უხვი მოსავლის მიღებისთვის. ამაში ჩემი მშობლების წილიც იყო. ზექერია ბაბუა ამაყობდა, შვილი მშრომელ ოჯახში მყავს გათხოვილიო.

– გოგაძეების 8-წლიან სკოლაში წარჩინებულ მოსწავლედ ითვლებოდით…. რატომ აღარ ისურვეთ სწავლის გაგრძელება?

– დროსა და ბედს ვემდური. მასწავლებლები – ვერა ვადაქარია, მუხამედ ბათაძე, შოთა ჯიბლაძე, ახმედ ბერიძე, სკოლის დირექტორი აიშე შავაძე გულში მიხუტებდნენ. მათგან 90 წელს მიტანებული შოთა ჯიბლაძე დღესაც ცოცხალია და ყოველ შეხვედრაზე მსაყვედურობს: შენი ნიჭიერება რატომ გაფლანგეო. იმ ხანად გოგაძეებში საშუალო სკოლა არ იყო, სხვაგან სასწავლებლად წასვლა მშობლებმა რატომღაც დამიშალეს და 17 წლის ასაკში ლომსიანეთელ გივი ლემსაძეზე დამნიშნეს. გივისა და ჩემს საცხოვრებელ სახლებს ერთი პატარა გორა ჰყოფდა. ერთმანეთსაც კარგად ვიცნობდით. წლების გადასახედიდან გეტყვით, რომ წაგებული არ დავრჩენილვარ. იქაც თბილი, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებული ოჯახი შემხვდა. უფალმა დიდი გამოცდაც მომიწყო – ოჯახში რძლად შესვლიდან ორი წელი გავიდა და დედამთილი ლოგინად ჩავარდა. მეუღლე ბათუმში მეხუთე სამშენებლო ტრესტში მუშაობდა. დედამთილის მოვლა, შვილების: ნუგზარის, ნათელას, გუგულის გაზრდა, მომქანცველი საკოლმეურნეო შრომა ჩემს მხრებზე გადადიოდა. დედამთილი ლოცვას არ მაკლებდა. ვიტყვი, რომ უფალმა მისი ლოცვა-ვედრება შეისმინა და წილად ბედნიერი მოხუცებულობა მერგო.

– რას გულისხმობთ?

– გოგაძეებელმა ქალმა, განა მარტო აქაურმა? ისლამის გავლენით ჩადრით დაფარული სახის პატრონმა არ იცოდა, რა იყო დაბადების დღე, იუბილეს გადახდა, საზოგადოებაში გამოსვლა. მე 9 მაისს, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს ვარ დაბადებული. 50 წლიდან მოყოლებული, ყოველი წლის 9 მაისს ჩემთვის დაუკითხავად შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები რესტორანში მეპატიჟებიან… უფალმა ყველას ისე გაუმართლოს, როგორც მე რძლის არჩევანში გამიმართლა. მანანა წულუკიძეს ორი დედა ჰყავს – ნადია გამრეკელიძე და შუშანა ვახტანგიძე. მე ნათელასა და გუგულის მსგავსად, მანანას სახით მესამე ქალიშვილი შევიძინე, იგი ა(ა)იპ „მწიგნობარის“ დირექტორი, უკვე რამდენიმე დიდაქტიკური სახელმძღვანელოს ავტორია. ახლა წიგნზე „ტბეთი და ტბეთელები“ მუშაობს. მრავალი ფაქტისა და მოვლენის მომსწრეს ხშირად კითხვებსაც მისვამს ცალკეულ ფაქტებსა და მოვლენებზე, მეც ამომწურავ პასუხებს ვაწვდი. მე იმ დროის მომსწრეც ვარ, როცა ლომსიანეთში 20-მდე კომლი ცხოვრობდა. ხასან და შერიფ ლემსაძეების სახით რკინის დამუშავების ცნობილი ოსტატები გვყავდა, „განდაგანას“ შესრულების საკუთარი ხელწერა ჰქონდა ზაბით ბახტაძეს. მათემატიკის საიდუმლოებებს ზედმიწევნით ფლობდა თემურ ბახტაძე. ღვთისმსახურებას ახლაც ვერ ელევა თვალის ჩინს წართმეული ლევან ლემსაძე. ქართული ლექსის, პროზაული ნაწარმოებების სადარაჯოზეა ლევანის ქალიშვილი ლეილა ლემსაძე. რაკი სიტყვამ მოიტანა, მსურს, თქვენი გაზეთით ისტორიას დავუტოვო ჩემი თაობის გოგაძეებელთა შემართება და ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე. მეამაყება, რომ ამ სოფელმა მრავალი ღირსეული მამულიშვილი ასაზრდოვა, მე კი მათთან ურთიერთობები მქონდა და მაქვს. აქაურები არიან ცნობილი მწერალი ემენ დავითაძე, საქართველოში ეთიოპიიდან ექოსკოპიის აპარატის პირველი შემომტანი, პროფესორი შოთა დავითაძე, ჩემი კარის მეზობელია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი, სიდნეის ოლიმპიადის პრიზიორი 85-კილოგრამიან წონით კატეგორიაში მუხრან ვახტანგაძე. ჩემი თაობისა არიან ახლახან წუთისოფლიდან წასული მწერალი მიხეილ დავითაძე, დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი წევრები ალექსანდრე ჯიბლაძე, იური დავითაძე. ასევე, კარის მეზობელია შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე. უფროსი თაობის წარმომადგენელი იყო კომუნისტური რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი, საქვეყნოდ აღიარებული პუბლიცისტი და ისტორიკოსი ანზორ დავითაძე.

– დაბადებიდან 80 წლისთავის საიუბილეო საღამოზე ითქვა, რომ იმ ქალთა თაობას ეკუთვნი, რომლებიც უხმაუროდ, მაგრამ უდიდესი ძალით ინახავდნენ ოჯახს, გვარსა და სოფლის ღირსებას, რომ შრომა თქვენთვის ტვირთი არასოდეს ყოფილა – შრომაში ხედავდით საკუთარ არსსა და ბედნიერებას…

– ჩემმა ცხოვრებამ მრავალი სირთულე, ტკივილი და გამოცდა დაიტია, მაგრამ არასოდეს დამიყრია ფარხმალი, მუდამ მტკიცედ ვიდექი ოჯახის, შვილების და ახლობლების გვერდით. 80 წლის იუბილე ჩემთვის მხოლოდ ასაკის აღნიშვნა კი არა, ღირსეულად გავლილი ცხოვრების დიდი ზეიმია. ახლაც უქმად ყოფნა ყველაზე დიდ სასჯელად მიმაჩნია. მოსახლეობა მთას ტოვებს, ცარიელდება გოგაძეები და ლომსიანეთი. გოგაძეების საშუალო სკოლა ერთ ხანს 150-მდე მოსწავლეს ითვლიდა, ახლა 10-იც აღარაა. დაწყებითი სკოლა გაუქმდა ლომსიანეთში, სადაც ზამთრობით 3 კომლიღა რჩება. მე ლომსიანეთს მაინც ვერ ველევი. თავს მევლებიან რძალი, შვილი, ჩემი გიტა – ქობულეთელი ნაკაშიძეების რძალი, მაგრამ მიჭირს ქალაქში გაძლება. წელსაც ნუგზარი დამეხმარა მიწის დამუშავებაში. ბედნიერებად მიმაჩნია, როცა ზაფხულობით ბათუმში მცხოვრები ქალიშვილები, შვილიშვილები მესტუმრებიან და ბოსტანში დაკრეფილსა და ხეზე ჩამოკრეფილს მივართმევ, წასვლისას ჩანთებს გავუვსებ. ჯერჯერობით ჯანმრთელობასაც არ ვემდური.

– დიდი ბებია, დედა რას ისურვებდით?

– მოდის 17 მაისი – ოჯახის სიწმინდისა და ერთიანობის დღე. თავს დიდი ოჯახის ხელმძღვანელად მივიჩნევ. განსაკუთრებით მახარებს შვილებისა და შვილიშვილების ბედნიერება, მათი სიყვარულით ვცოცხლობ, შთამომავლობაში ახალი წევრის შემომატებას ჩემი ხელით მოქსოვილი საჩუქრებით ვხვდები. ღმერთის დიდი მორწმუნე ვარ. მუდამ ქვეყნად მშვიდობაზე ვლოცულობ. მიხარია, რომ შვილები, შვილიშვილები წინაპრების ჭეშმარიტ სარწმუნოებას უბრუდებიან. დიდ პატივად მიმაჩნია, მის უწმინდესობას, შიო მესამეს ლომსიანეთიდან მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა. იმედს ვიტოვებ, რომ ის გააგრძელებს ჭეშმარიტი წინამორბედების გზას.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • მაისი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *