„ჩვენი მიზანია, მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული ფინანსური დოკუმენტი შევქმნათ“
By

„ჩვენი მიზანია, მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული ფინანსური დოკუმენტი შევქმნათ“

თენგიზ ივანაძე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. იგი მესამედაა არჩეული წარმომადგენლობით ორგანოში და ყველაზე ახალგაზრდა წევრია, ამდენად, მეტწილად, ახალგაზრდობასთან მუშაობაზე გვესაუბრა.

– უჩამბის თემს შუახევში გამორჩეული ისტორია აქვს. წინა საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, მრავალი წარმატებული პიროვნება იყო მისი ხელმძღვანელი. ხიჭაურის სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ახალგაზრდას, უჩამბის თემის ხელმძღვანელობა მანდეს. წინამორბედთაგან ასაკით ყველაზე უმცროსი ვიყავი. ცხოვრებით დაბრძენებულ ადამიანებთან ერთად ახალგაზრდებიც ავიყოლიე და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ზემდგომ ორგანოებთან საქმიანმა კავშირმა საშუალება მოგვცა, შეგვესყიდა შუახევი-უჩამბის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციისა და ასფალტის დაგების პროექტი, რომელიც ჩემი წარმომადგენლობით ორგანოში არჩევის შემდეგ განხორციელდა. სოფელში ახალგაზრდების დამაგრების, დასაქმების, დასვენება-გართობის მიზნით მთავარი აქცენტი გადავიტანეთ სპორტული ობიექტების მშენებლობა-კეთილმოწყობაზე, სკოლების, ბაგა-ბაღების, სანახაობითი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებაზე, ისტორიული წარსულის გაცოცხლებაზე. უნივერსიტეტი, სადაც უმაღლესი განათლება მივიღე, საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. ამ საგანმანათლებლო კერის სტუდენტმა, გავითავისე წინაპრების მრწამსის არსი და მნიშვნელობა. მამისეულ სოფელ ჯაბნიძეებში არქეოლოგიური გათხრები რომ მიმდინარეობდა, ყველაზე მეტად ახალგაზრდების აქტიურობა იკვეთებოდა. სამოლეთში, ცინარეთის ციხეზე, ამ სოფლის ცენტრში, ლაკლაკეთში, ტბეთში, წაბლანაში, მთა ღომაზე, წმინდისერზე ლითონის ჯვრები აღიმართა, რაშიც ახალგაზრდებმა დიდი წვლილი შეიტანეს. 2013 წლიდან ტბეთელებმა წამოიწყეს სახალხო დღესასწაული „ტბეთობა“, რომელსაც მომდევნო წლებში ჯაბნიძეებში გამართული სახალხო დღესასწაული „ჯაბნიძეები ეფერება ქაშვეთს“ მოჰყვა. ორივე სოფელში გამართულ ზეიმებზე საპატიო ადამიანებს ვირჩევთ, რაც კარგი მაგალითია ახალგაზრდებისთვის. საკმაოდ დიდი შედეგი გამოიღო სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით წინაველაზე ჯვრის აღმართვამ და „ჯვარობის“ საღვთო დღესასწაულის დაწესებამ. 13 აგვისტოსა და 27 სექტემბერს ღვთისმსახურებთან ერთად, ახალგაზრდებიც მოდიან, საყოველთაო ნათლობა ტარდება. ღვთისმსახურებას ჩვენი კუთხის მკვიდრი, ბოლნისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემიც ესწრება.

– 1300-ზე მეტი ადამიანი მოინათლა ხიჭაურში ჩატარებულ ნათლობაზე, რომელთა ნათლია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი შიო მესამე იყო…

– ნათელღებულთა შორის ჩემი შვილიც არის. ყველაზე მეტად ისაა სასიხარულო, რომ პატრიარქის ნათლულებიდან უმრავლესობა სხალთის ეპარქიის მკვიდრია. ისინიც მოინათლნენ, რომლებიც აჭარის მთიანეთიდან ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში არიან საცხოვრებლად გადასულები. თურქეთის რესპუბლიკის მკვიდრი ახალგაზრდაც კი ქრისტიანობას ეზიარა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ვცდილობთ, საქმიანი ურთიერთობები გვქონდეს აჭარიდან გადასულებთან, განსაკუთრებულ ყურადღებას ხელოვნების მუშაკები იჩენენ. გვინდა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ.

– რას აკეთებთ თვითმმართველობის ხელმძღვანელები, რომ სოფელი ახალგაზრდებისგან არ დაიცალოს?

– ამომრჩეველს პირობა არ ავიწყდება. აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ხელმძღვანელები გუნდური პრინციპით ვმუშაობთ. მუნიციპალიტეტის მერის საარჩევნო პროგრამის მთავარი მიმართულება ტურიზმის განვითარება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული ობიექტების გახსნა იყო. ამ კუთხით, მოძრაობა უკვე დაწყებულია. მთა ჩირუხი, მთა ღომა, ჯვარიმინდორი მალე ტურისტების მიზიდულობის ცენტრი გახდება, რაც წელს გამართულმა „შუამთობის“ ზეიმმა და „ჯვარიმინდორის“ ფესტივალმა დაგვანახა. საკრებულოს წევრები მხარს ვუჭერთ იმ პროექტებს, რომლებიც ტურიზმის განვითარებასთანაა დაკავშირებული. უკვე დაწყებულია გაისად ასათვისებელი ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა. ჩვენი მიზანია მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული ფინანსური დოკუმენტი გვქონდეს. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ადგილზე დამაგრებას.

– რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების განკარგვა სოფლების ცენტრების კეთილმოწყობისთვის?

– სხვათა შორის, სოფლების ცენტრების კეთილმოწყობა პირველად შუახევში წამოვიწყეთ და ამ ეტაპზე ყველა კარგად გამოიყურება. ჩვენი მიზანია, ყველა სოფლის ცენტრი ნორმალურ მდგომარეობაში იყოს, ყველგან ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზა შედიოდეს. სოფელში გამართული ინფრასტრუქტურა თუ გვექნება, ტურისტსაც მოვიზიდავთ და მიგრაციის პროცესებიც იკლებს.

– აჭარის კულტურის სამინისტრო უკვე საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება. ადგილობრივი ანსამბლები თუ მიიღებენ მასში მონაწილეობას?

– ადგილობრივი ფოლკლორის შენარჩუნება და პოპულარიზაცია ბოლო წლებში განსაკუთრებულ სიმაღლეზეა აყვანილი, გაჩნდა ახალი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, მოქმედებს სალოტბარო სკოლა, ბენდი „117“, სახელოვნებო და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის ანსამბლები: „მერცხალი“, „ათინათი“, „ოთოლთა“. ისინი და კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები წარმატებით გამოდიან რესპუბლიკურ და ადგილობრივ ღონისძიებებზე. ახლახან ბენდი „117“ მიწვეული იყო საქართველოს პარლამენტში მასწავლებელთა ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღების საზეიმო ცერემონიაზე. იმედია, საზეიმო ღონისძიებებზე ადგილობრივ ანსამბლებსაც მიიწვევენ. წელს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების წევრებისთვის სახელფასო დანამატის გაზრდა. უკვე თანხები გამოინახა ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის გამდიდრებისთვისაც. მიუღებელი იყო ის, რაც წინა ხელისუფლებამ ბიბლიოთეკებთან მიმართებაში გააკეთა. სოფლებში კულტურის ამ კერის ხელის ერთი მოსმით გაუქმება და უნიკალური წიგნადი ფონდის განადგურება დაუშვებელი იყო. დავიწყეთ ბიბლიოთეკების აღდგენა. პირველი სასოფლო ბიბლიოთეკა ჭვანაში აღსდგა. უკვე ყველა თემში გვაქვს.

– თქვენ გიყვართ წიგნები?

– ორივე ბაბუა – შოთა ივანაძე და ნოდარ ზოსიძე, პედაგოგები იყვნენ. შოთა ლექსებსაც წერდა. წიგნი მათ შემაყვარეს. განსაკუთრებთ დეტექტიური ლიტერატურა მიტაცებს. მიყვარს ქართველი პოეტები. ჩემი ინიციატივით, ახალბედა პოეტებთან რაიონული შეხვედრაც გავმართეთ. მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის იმ წევრებსაც შევხვდით, რომლებიც შუახევში დაფრთიანდნენ. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრიდონ ფუტკარაძე და მე შუახევში მომუშავე საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრების დასახმარებლად საკითხის ინიცირებას ვაპირებთ. ასევე, ვიწყებთ მუშაობას, რომ შუახევში პერიოდული პრესა შემოდიოდეს და წიგნების მაღაზია გაიხსნას.

– მოსწავლის მშობელი ბრძანდებით. სკოლებში ფორმების შემოღებას როგორ აღიქვამთ?

– მამა ნაადრევად დავკარგე. ორი ძმა დედამ გაგვზარდა. ვიცი რაა გაჭირვება და რაა სოციალური თანასწორობა. სწორედ თანატოლთან მიმართებაში იჩაგრება ზოგიერთი მოსწავლე. ქვეყნის განათლების სისტემის ახლანდელმა ხელმძღვანელობამ მოსწავლეების ერთიანი სასწავლო ფორმით შემოსვა დროულად წამოიწყო, რაც სასკოლო რეფორმის სასურველ ფაქტად მიმაჩნია. გარდა ამისა, სასიამოვნოა, როცა კლასში შედიხარ და ყველა ერთნაირი ჩაცმულობით გხვდება. იმასაც გავიხსენებ, რომ მრავალი ჩემი თანატოლი სწავლის ქირის გადაუხდელობის გამო, უმაღლესი განათლების გარეშე დარჩა. მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, არჩეული სპეციალობის სტუდენტები გახდნენ, მაგრამ სოციალურად დაუცველმა ოჯახმა სწავლის ქირის გადახდა ვეღარ შეძლო. ახლა სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები სწავლის საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან. ეს სიახლე უმაღლესში სწავლის ხარისხსაც აამაღლებს.

– კარგად იცნობთ სოფელს – კავშირს არ წყვეტთ მამისეულ კერასთან. სოციალური მდგომარეობის მხრივ რა წინსვლას ხედავთ?

– როგორც აღვნიშნე, ჯაბნიძეებია ჩემი მშობლიური სოფელი. გარკვეული წინსვლაა 10-15 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით. სოფელში სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახები აღარ გვყავს. უმრავლესობა ბათუმსა და აჭარის ბარის რაიონებში დასახლდა. ქართულ სოფელთან მიმართებაში ბევრი რამაა გასაკეთებელი. ფერმერული მეურნეობები უნდა განვითარდეს. ამ მხრივ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები დადებითად წაადგა სოფელს.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ნოემბერი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *