„ჩვენი მიზანია პოლიტიკურ ველზე ახალგაზრდების, ახალი სახეების წარმოჩენა“…
„ახალგაზრდული ძალა“ – ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც ახლახან დაფუძნდა. გაერთიანების მიზნებებზე, ამოცანებსა და, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრებით პარტიის აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერ ანიტა ლაზიშვილს.
– „ვაფუძნებთ საქართველოში პირველ ახალგაზრდულ პოლიტიკურ პარტიას“ – განაცხადა ამას წინათ თქვენი პარტიის ლიდერმა. მოძრაობა „ახალგაზრდული ძალა“ დაახლოებით ერთი წლის წინ დაფუძნდა. უკვე დადგა პარტიად ჩამოყალიბების დრო?
– 2025 წლის 18 მაისს ჩვენ დავაფუძნეთ „პოლიტიკური მოძრაობა „ახალგაზრდული ძალა“. ამავე დღეს ჩვენი გუნდის თავმჯდომარე თედო ზოიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში აღნიშნა, რომ იგეგმებოდა პოლიტიკური პარტიის შექმნა. ეს, რა თქმა უნდა, თავიდანვე იყო გადაწყვეტილი. ჩვენი მიზანია პოლიტიკურ ველზე ახალგაზრდების, ახალი სახეების წარმოჩენა. ვფიქრობ, მათი პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის დრო დიდი ხანია დადგა, რადგან ბოლო რამდენიმე წელია ეს საზოგადოების დაკვეთაა. ქართველი ხალხის სურვილია, პოლიტიკური ველი გაიწმინდოს ძველი სახეებისგან და მათი ადგილი ახალგაზრდებმა დაიკავონ.
– „გვსურს,დღის წესრიგიდან გაქრეს პოლიტიკის ხელოვნურად რადიკალიზება“ – აღნიშნულია თქვენი პარტიის განცხადებაში. როგორ აპირებთ ამის მიღწევას?
– ჩვენი აზრით, პოლიტიკის რადიკალიზება რჩება მთავარ გამოწვევად. სამწუხაროდ, პირადი პოლიტიკური და პარტიული ინტერესების გამო, კონკრეტული პოლიტიკოსები ცდილობენ, ქვეყანაში ხელოვნურად შექმნან პოლარიზებული და რადიკალიზებული გარემო, რაც აისახა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე. ჩვენი მიზანია პოლიტიკური კონკურენციის ჯანსაღ ფორმაში დაბრუნება. პოლარიზაციამ დაასუსტა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, ამომრჩეველი გამოთიშა პოლიტიკური პროცესებიდან, დღეს პოლიტიკა მხოლოდ უთანასწორობასთან, უხეშ ძალასთანაა გაიგივებული. თუ ასე გაგრძელდება, საზოგადოებაში პოლიტიკა დაკარგავს ძალას და ნდობას. ჩვენი გუნდი იმუშავებს იმისთვის, რომ დაიწყოს დიალოგი დაპირისპირებული მხარეების შესარიგებლად.
– დღეისათვის საქართველოს მასშტაბით რამდენი ადამიანია გაწევრიანებული თქვენს პარტიაში, კარი ყველა მსურველელისთვის ღიაა?
– რა თქმა უნდა, ნებისმიერი გუნდის შევსების კრიტერიუმებია იდეური თანხვედრა, საერთო ღირებულებები, ინტერესებისა და მიზნების ერთგულება. ასეა ჩვენს გუნდშიც, ვართ ღია ნებისმიერ მოქალაქესთან სასაუბროდ, თუმცა გუნდის წევრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ვთანხმდებოდეთ ეროვნულ, სახელმწიფოებრივ და ამ დონის მნიშვნელობის საკითხებზე. ამჟამად „ახალგაზრდული ძალის“ აჭარის ორგანიზაციას 100-მდე წევრი ჰყავს. თავისი საქმიანობით განსაკუთრებით გამოირჩევა ქობულეთის შტაბი. უახლოეს მომავალში ვაპირებთ ოფისის გახსნას ბათუმშიც. ვეძებთ საინტერესო, განათლებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს.
– სამოქმედო გეგმა ახსენეთ, რას მოიცავს და როგორ აპირებთ მის განხორციელებას?
– საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ ჩვენს პროგრამას, რომელიც სრულად არის მორგებული ჩვენი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ინტერესებზე. პროგრამა მოიცავს მოსახლეობის საჭიროებების კვლევას, ხოლო სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც დღეს ქვეყანაში პრობლემურია და ექვემდებარება მოგვარებას. ჩვენი გეგმა, რა თქმა უნდა, ეფუძნება ეკონომიკურ თავისუფლებას, დასავლურ ინტეგრაციას, განათლების რეფორმას, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას და ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას.
ჩვენ კონცენტირებული ვართ ზუსტად იმ საკითხებზე, რაზეც სხვა პარტიები არ საუბრობენ. არ ვაპირებთ პარტიის პროგრამა ცარიელ დაპირებად ვაქციოთ, სწორედ ამიტომ, საზოგადოებას ეტაპობრივად გავაცნობთ თითოეულ მიმართულებას.

– ანალიტიკოსთა აზრით, დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი დღის წესრიგს ვერ ქმნის, რა არის მიზეზი?
– პოლიტიკურ დღის წესრიგს ქვეყანაში „ქართული ოცნება“ ქმნის, ეს ოპოზიციის შეცდომებითა და არასწორი დღის წესრიგით აიხსნება. რეიტინგები ყველაფერს ამბობს. არსებობს ფაქტები და მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება: ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც კარგად იციან, რომ დღის წესრიგს ბოლო წლებია მმართველი პარტია ქმნის, ოპოზიცია კი ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი, გრძელვადიანი ალტერნატივა შესთავაზოს ამომრჩეველს, იძულებულია უპასუხოს მმართველი გუნდის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. წლებია ოპოზიციამ დაკარგა ინიციატორის როლი. დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგს მასმედიაც ქმნის, მედიასაშუალებები ხშირად მკაცრად პოლარიზებულ დღის წესრიგს მიჰყვებიან, სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდი გეგმავს, აქცენტი გააკეთოს თანამედროვე ციფრულ პლატფორმებზე, ალტერნატიულ მედიაფორმატზე, რათა სათქმელი სწორად მივიტანოთ ამომრჩეველამდე.
– არჩევნებში მონაწილეობას თუ გეგმავთ, რა სტრატეგიას და ტაქტიკას ირჩევთ?
– არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ არა სხვა პარტიებთან კონკურენციის მიზნით, არამედ იმ ამომრჩეველისთვის, რომელიც დღეს თავს მიტოვებულად გრძნობს და არსებულ პოლიტიკურ სპექტრში საკუთარ წარმომადგენელს ვერ ხედავს. ჩვენი მიზანია არსებული ორპოლუსიანი დღის წესრიგის შეცვლა და ამომრჩევლისთვის რეალური ალტერნატივის შეთავაზება. კონსტრუქციული პოლიტიკა გულისხმობს ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსტრუქციულ დიალოგს, საჭიროემისამებრ, თუმცა არა რაიმე ტიპის თანამშრომლობას. ჩვენი წითელი ხაზი გადის იქ, სადაც საფრთხე ექმნება ქვეყნის დასავლურ კურსს, დემოკრატიულ განვითარებას და ეკონომიკურ სტაბილურობას. არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ და მეტიც, უახლოეს პერიოდში დავიწებთ წინასწასაარჩევნო კამპანიას. სწორედ ამომრჩეველი გადაწყვეტს, თუ რა კონფიგურაციით უნდა იმართოს ქვეყანა. ამომრჩეველი განსაზღვრავს ჩვენს პროფესიონალიზმს, ჩვენ კი აქ ვართ იმისთვის, რომ პატივი ვცეთ ხალხის არჩევანს.
– სხვა თემებიც განვიხილოთ: მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანა რამდენიმე პარტიის გაუქმების შესახებ. . .
– ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუნდაც არ მოგვწონდეს რომელიმე პოლიტიკური პარტია (გარდა გამონაკლისისა, როცა ისინი არღვევენ კონსტიტუციას ან წარმოადგენენ საშიშროებას სახელმწიფოსთვის), არასწორად მიგვაჩნია გაუქმდება, თუ მის ჰყავს ამომრჩეველები, რომლებიც ხმას აძლევენ. დემოკრატიულ სახელმწიფოში პარტიების ბედს, მათ პოლიტიკურ მომავალს და პასუხისმგებლობას წყვეტენ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები საარჩევნო ყუთთან და მაკონტრელებელი ინსტიტუტები. მიგვაჩნია, რომ სასამართლო მიიღებს იმ ტიპის გადაწყვეტილებას, რომელიც სადავოს არ გახდის ქვეყნის დემოკრატიულობას. . .
ჩვენი პასუხი ამ პროცესზე იქნება კიდევ უფრო მეტი მუშაობა ხალხთან, რათა საზოგადოებას დავანახოთ – ქვეყნის ბედის გადაწყვეტა მხოლოდ მათ შეუძლიათ.
– საგარეო საკითხსაც შევეხოთ, ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, საქართველოს და დასავლეთის ურთიერთობა უარესდება, თქვენი აზრი ამის შესახებ. . .
– ჩვენ მოვლენების პოზიტიურ განვითარებას ველოდებით, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გვქონდეს იმაზე უკეთესი ურთიერთობა დასავლეთთან, ვიდრე ახლაა. ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის რომელიმე პარტიის არჩევანი, ეს ქართველი ხალხის ისტორიული ნებაა, რომელიც ჩვენი კონსტიტუციით არის გამყარებული. ამავე დროს, ამ ურთიერთობების შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოა. ჩვენი პარტია ისე წარმართავს საქმიანობას, რომ საგარეო პოლიტიკა გახდეს არა შიდაპარტიული დაპირისპირების საგანი, არამედ ქვეყნის ეროვნული ინტერესების, უსაფრთხოებისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის დაცვის გარანტი.
– დაბოლოს, პრობლემურ საკითხებზე მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ რეფერენდუმის ჩატარება?
– ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ხაზი ადამიანებთან პირისპირ საუბარია. რეფერენდუმი უნდა იყოს საზოგადოების ნების გამოაშკარავების ინსტრუმენტი და არა კიდევ უფრო მეტად პოლარიზების იარაღი. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ ინიციატივებს, რომლებიც გააძლიერებს ხალხის ხმას, მაგრამ მკაცრად დავუპირისპირდებით ნებისმიერ მცდელობას, სადაც რეფერენდუმის იდეა გამოყენებული იქნება ვიწრო, პარტიული ინტერესებისთვის ან სტრატეგიული კურსის გარშემო ხელოვნური კრიზისის შესაქმნელად.
ლაშა ხომერიკი