ცესკოს ორგანიზებით, მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
By

ცესკოს ორგანიზებით, მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ორგანიზებით, 18-20 სექტემბერს მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მიწვევით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარე პაატა კეშელავა და კომისიის წევრი ციალა შავაძე მონაწილეობდნენ.

სამუშაო შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან ყურადღება საარჩევნო პროცესებში მედიის როლსა და საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, მედია საარჩევნო პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. შესაბამისად, აუცილებელია, ჟურნალისტებს საარჩევნო საკითხებზე ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ.

შეხვედრის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ 3 ოქტომბერს ოთხ მუნიციპალიტეტში გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის მზადების მდგომარეობა მიმოიხილა.

საარჩევნო პროცესის გაშუქებისას მედიის როლსა და უფლებებზე, ცესკოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა ისაუბრა. მან მედიის წარმომადგენლებს შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და სიახლეები გააცნო, ასევე, მიმოიხილა ქართული და საერთაშორისო პრაქტიკა.

სამუშაო შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებს დაეთმო. ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მონაწილეებს დეზინფორმაციის რეესტრის ვებგვერდი წარუდგინა და პლატფორმის მუშაობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა.

დეზინფორმაციის რეესტრი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ გავრცელებულ მცდარ თუ დეზინფორმაციულ ცნობებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ვებგვერდზე განთავსებული მასალის გაფილტვრა შესაძლებელია თემების, წლებისა და არჩევნების მიხედვით. ცესკოს ინფორმაციით, პლატფორმის მიზანია, მოქალაქეებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის, დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის პირველწყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

დეზინფორმაციის საკითხზე გიორგი კალანდარიშვილმაც ისაუბრა. მან მონაწილეებს პრაქტიკული მაგალითები გააცნო და ყურადღება გაამახვილა საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ მცდარი და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებაზე, მის შესაძლო გავლენაზე საზოგადოებრივ აღქმებსა და ნდობაზე, ასევე, დროული და ფაქტებზე დაფუძნებული რეაგირების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის მეორე დღეს ცესკოს თავმჯდომარემ მონაწილეებს საარჩევნო ჟურნალი „არჩევნები 360°“ წარუდგინა. ორგანიზატორთა ინფორმაციით, გამოცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადებულ მასალებს აერთიანებს და ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდური, ისე ციფრული ფორმატით. ჟურნალი ეთნიკური უმცირესობების ენებზეც ითარგმნა და მისი გამოცემა უახლოეს მომავალში იგეგმება.

პროგრამით გათვალისწინებული საკითხების განხილვა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხეს.

ღონისძიებაში უსკოს წარმომადგენლების მონაწილეობა ცესკოსა და უსკოს შორის არსებული ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული თანამშრომლობა საარჩევნო ადმინისტრაციის სხვადასხვა რგოლს შორის გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას, კოორდინირებული მიდგომების განვითარებასა და საერთო ინსტიტუციური მიზნების განხორციელებას ემსახურება.

დადუ გაბაიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *