ცოდნის, შემოქმედებისა და სიყვარულის დღე
აჭარის მწერალთა სახლში ა(ა)იპ „მწიგნობარის“ ორგანიზებით გაიმართა წლის შემაჯამებელი საღამო თემაზე: „ცოდნის, შემოქმედებისა და სიყვარულის დღე“, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა მოსწავლეები, პოეტები, შემოქმედები, ქართული სიტყვის მოყვარულები.
„მწიგნობარის“ ნორჩმა დეკლამატორებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ქართული პოეზიის ნიმუშები. ანანო დუმბაძემ, დათა ფასანიძემ, ბარბარე ბექტაშვილმა, გეგა სურმანიძემ, დაჩი პეტრიძემ, ელენე მექურიძემ, ილია საფარიძემ, ლევან ბროლაძემ და სესილი თავართქილაძემ წაიკითხეს პატრიოტულ თემაზე დაწერილი ლექსები.
საღამოს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ნომრებმა. ილია საფარიძემ ფანდურზე შეასრულა აჭარული „განდაგანა“, ბარბარე ბექტაშვილმა და მილენა ბროლაძემ „ქართული“ იცეკვეს. მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.
საღამოზე განსაკუთრებული სითბოთი გააცილეს „მწიგნობარის“კურსდამთავრებულები: ნატალი აბულაძე, მარიამ ბერიძე და ნინო ოქროპირიძე. მათ „მწიგნობარის“ ტრადიციული მადლობის ბარათები გადაეცათ.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ის მოსწავლეებიც, რომლებმაც „ერუდიტის“ ფინალში უმაღლესი ქულები მოიპოვეს. მათი ფოტოები შესულია წიგნში – „ცოდნის ყულაბა“.
ღონისძიების საპატიო სტუმარი იყო „მწიგნობარის“ ყოფილი წევრი, დეკლამატორი თორნიკე ქათამაძე მეუღლესთან ერთად. „მწიგნობრელებმა“ წყვილს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, მიულოცეს ბედნიერება და ცხოვრების გზა დაულოცეს.
საღამოზე ლექსები წაიკითხეს პოეტებმა: ჯემალ სურმანიძემ, სოფო ღლონტმა, ლეილა ლემსაძემ.
– „მწიგნობარი“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის აჭარის მწერალთა სახლს იმ დიდი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რომელსაც ორგანიზაციის შექმნის პირველი დღიდანვე გვიწევს. მწერალთა სახლი ჩვენი მოსწავლეებისთვის მხოლოდ ღონისძიებების ჩატარების ადგილი არ არის, ეს არის სულიერი და შემოქმედებითი სივრცე, სადაც ბავშვები ეცნობიან ქართულ სიტყვას, ლიტერატურას, ხელოვნებას და საკუთარ ნიჭს წარმოაჩენენ. „მწიგნობარის“ კიდევ ერთი წელი დასრულდა, წელი, რომელიც სავსე იყო წიგნებთან ურთიერთობით, ცოდნით, მეგობრობითა და სიყვარულით. ეს არის პატარა ოჯახი, სადაც თითოეული ბავშვი საკუთარი ნიჭით, შრომითა და შემოქმედებით ისტორიას წერს, – თქვა „მწიგნობარის“ დირექტორმა მანანა წულუკიძემ.
ცოტნე ცაბაძე