„წითელქუდა“ – ბათუმის მარიონეტების თეატრში
By

„წითელქუდა“ – ბათუმის მარიონეტების თეატრში

ბათუმის მარიონეტების თეატრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს პატარა მაყურებელს ახალი მუსიკალური სპექტაკლი – „წითელქუდა“ წარუდგინა, რომლის რეჟისორი გიორგი ჩხაიძე გახლავთ. თოჯინების მხატვარი და ოსტატი მირანდა გურგენაძეა, სიმღერის ტექსტის ავტორი – მარიკა ბულეიშვილი. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მარიკა ბულეიშვილი, ირინე ღლონტი, ფრიდონ მოდებაძე, მერი დიასამიძე და ანა მალაზონია.
დღის განმავლობაში სპექტაკლი სხვადასხვა დროს სამჯერ გავიდა და აღსანიშნავია, რომ სამჯერვე ანშლაგით ჩაიარა. ყველასათვის საყვარელი ზღაპარი არაერთხელ და მრავალგვარი ინტერპრეტაციით დადგმულა, თუმცა ამჯერად შემოქმედებითი გუნდი ნაცნობი ისტორიის განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს – რომელშიც ძალადობას მეგობრობა ანაცვლებს, ხოლო კონფლიქტი ურთიერთგაგებით სრულდება.

– მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პატარებს მივულოცო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. სწორედ ამ დღეს ჩვენს მარიონეტების თეატრში საბავშვო რეპერტუარი შეიქმნა. „წითელქუდა“ – ეს არის ჩვენი პირველი საბავშვო მარიონეტული სპექტაკლი, სადაც დასის ყველა მსახიობია დაკავებული. ვეცადეთ, რეკორდულ დროში, სულ რაღაც ოთხ დღეში, დაგვედგა სპექტაკლი და გამოგვივიდა. რა თქმა უნდა, თოჯინები წინასწარ, უფრო ადრე დამზადდა, თუმცა სარეპეტიციო პროცესი ოთხ დღეს მოიცავდა. ეს არის ფერადი, მუსიკალური და განსხვავებული ინტერპრეტაცია „წითელქუდასი“, პირადად ჩემი სურვილი იყო, რომ მასში არ ყოფილიყო ძალადობა, ტრადიციული სიუჟეტი, სადაც მგელი ბებიას ყლაპავს და ა.შ. მინდოდა, რომ ყველას ჰქონოდა შანსი, ყოფილიყო კეთილი და პერსონაჟებს ეჩვენებინათ მაყურებლისთვის, რომ რაღაც სიკეთის ნაპერწკალი ნებისმიერ ადამიანში დევს, რაც უნდა ბოროტად გამოიყურებოდეს. ბავშვებმა ძალიან მოიწონეს, სამივე სპექტაკლის ბილეთები წინასწარ გაიყიდა და სრული ანშლაგი იყო, – გვითხრა ბათუმის მარიონეტების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა გიორგი ჩხაიძემ.
– ჩვენი „წითელქუდა“ სრულიად განსხვავებულია, მასში არ არის არც თოფის სროლა, არ მგლის მუცლის გაჭრა და ა.შ. ძალიან მეგობრულად და ლამაზად ჩავამთავრეთ სპექტაკლი. მე ვახმოვანებდი ბებიის თოჯინას, მაგრამ ვთამაშობდი წითელქუდას. ძალიან მომწონს ეს ყველაფერი, რადგან მარიონეტები ჩემთვის განსაკუთრებული სპეციფიკაა. ცოტა რთულია, რა თქმა უნდა, რადგან სამი მეტრის დაცილებით ვმუშაობთ, მაგრამ ვფიქრობ, ზუსტად ის ამოცანა შევასრულეთ, რაც რეჟისორმა დაგვისახა. იყო თუ არა კარგი – ამ კითხვას მაყურებელმა გასცა პასუხი და მათი ოვაციებიდან  გამომდინარე, ბედნიერები ვართ, – გვითხრა მსახიობმა მარიკა ბულეიშვილმა.
– საკმაოდ რთული იყო ოთხ დღეში სპექტაკლზე მუშაობა, თუმცა ჩვენ ეს შევძელით საქმის სიყვარულით და ერთმანეთისადმი პატივისცემით. მგლის როლი მერგო, მერე რა, რომ ქალი ვარ, ხომ არიან მგელივით ქალებიც (იცინის)? ჰოდა, მშვენივრად მოვირგე. იყო სანერვიულოც, არ არის ადვილი მარიონეტთან მუშაობა. როცა გვერდით ადამიანი გიდგას, უფრო მარტივია, გაესაუბრები, რაღაცას გააგებინებ… ეს კი სულ სხვა რამაა. მოთმინებით, დისციპლინით ყველაფერი გამოვიდა და პრემიერა შედგა, – გვითხრა მსახიობმა ირინე ღლონტმა.

– მინდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მივულოცო ყველა ბავშვს. ჩვენთვის დიდი პატივი იყო ამდენი ბავშვის ჩვენს თეატრში ხილვა. სამი სპექტაკლი გავმართეთ და სამივემ ანშლაგით ჩაიარა. დასს დიდი მადლობა, რადგან მათ ოთხ დღეში შეძლეს ის, რაც თავიდან წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. ოთხი დღე და ღამე ისინი თეატრში იმყოფებოდნენ და საბოლოო ჯამში, საუკეთესო სპექტაკლი გამოვიდა. „წითელქუდა“ სამომავლოდ ჩვენი თეატრის რეპერტუარში იქნება და ველოდებით იმ ბავშვებს, ვინც ნახვა ვერ მოასწრო, – გვითხრა ბათუმის მარიონეტების თეატრის დირექტორმა თემურ მახარაძემ.

 

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ივნისი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *