„ჯარის ბანაკი 2026“ 1 700 მოსწავლეს მასპინძლობს
„მიხარია, რომ ძალიან ღირებული, მნიშვნელოვანი ტრადიცია გრძელდება და უკვე მეოთხე წელია იმართება „ჯარის ბანაკი“, რომელიც ახალგაზრდებს გაძლევთ საშუალებას, გაიზიაროთ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ჯარის ბანაკი 2026“-ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 1 700 მოსწავლეს მასპინძლობს „ჯარის ბანაკი“ როგორც კოჯორში, ისე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში.
„დარწმუნებული ვარ, ეს დღეები თქვენთვის იქნება ძალიან საინტერესოც, სასიამოვნოც და, საბოლოო ჯამში, იქნება დაუვიწყარი. მთლიანობაში, 1 700 მოსწავლეს მასპინძლობს „ჯარის ბანაკი“ როგორც კოჯორში, ისე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. თითოეულ თქვენგანს გექნებათ საშუალება, ადგილზე ნახოთ, როგორია ჯარისკაცის ცხოვრება, რა ღირებულებებს ეზიარება სამხედრო მოსამსახურე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ჯარის ბანაკს“ წელს პირველად დაემატა „საპატრიარქო საათის“ კომპონენტი, სადაც ჩვენს ეროვნულ, სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება გექნებათ. უმნიშვნელოვანესი პროექტია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტს ახორციელებს. მადლობა თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს, თითოეულ ინსტრუქტორს. თითოეული თქვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის დღეები, რომლებსაც გაატარებთ „ჯარის ბანაკში“. მინდა, ყველას გისურვოთ წარმატებული და ძალიან საინტერესო დღეები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკი 2026“-ის მონაწილეებს „ჯარის ბანაკის“ მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„მინდა, განსაკუთრებით გისურვოთ, რომ ეს დღეები, რომელსაც აქ, „ჯარის ბანაკში“ გაატარებთ, გამოიყენოთ იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოთ ახალი მეგობრობა თქვენს თანაკურსელებთან, რა თქმა უნდა, მიიღოთ ის ცოდნა, რომელიც „ჯარის ბანაკის“ ფარგლებში გადმოგეცემათ. და უბრალოდ, ამ მშვენიერ გარემოში იფიქროთ თქვენს სამშობლოზე, ოჯახზე, თქვენი ქვეყნის მომავალზე…
მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდით, ჯარის თემატიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქვეყანას ჰყავს საამაყო სამხედრო მოსამსახურეები და ჯარი, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ქვეყნის დაძახილზე ყოველ წამს მზად არიან, დადგნენ ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. ამიტომ, ჯარის თემატიკა განსაკუთრებული შინაარსის არის. დღევანდელ სამყაროში ადვილია, მიიღო სხვადასხვა სახის განათლება, ცოდნა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ფასეულობები, რომლებიც უნდა შეიძინოს ყველა მოზარდმა. ამ ფასეულობებს შორის უპირველესია პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული. ამ ფასეულობების შეძენას სჭირდება თავისი გარემო და სად, თუ არა ჯარში, არის ის გარემო, სადაც თქვენ შეგიძლიათ, მთლიანად შეიგრძნოთ პატრიოტიზმის სიხარულიც და ტვირთიც. ეს ორივე ერთად არის ჯარში, როგორც პასუხისმგებლობა და გააზრება იმის, რომ ქვეყნის სამსახურში დგება ადამიანი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ჩვენი წინაპრების, განსაკუთრებით კი ჩვენი გმირი სამხედროების დამსახურებაა, რომ ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული.

„ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი სამშობლო. ის, რომ დღეს ამ ულამაზეს ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვსაუბრობთ ქართულად, ვართ მორწმუნე ქრისტიანები, გვაქვს უნიკალური კულტურა და ტრადიციები, ეს არის ჩვენი წინაპრების, ღვაწლმოსილი ადამიანების და, განსაკუთრებით, გმირი სამხედროების დამსახურება, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული. ეს რეალობა ჩვენი წინაპრების უდიდესი მსხვერპლის, უდიდესი ძალისხმევის ფასად მივიღეთ და არ გვაქვს უფლება, არ ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს იმავე პასუხისმგებლობით. თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობები, გახდეთ თქვენს პროფესიებში წარმატებული. თქვენ ისეთ ასაკში ხართ, ალბათ თითოეულ თქვენგანს განსაზღვრული გაქვთ, რა პროფესია უნდა აირჩიოთ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენ გვაერთიანებს – მამული, ენა სარწმუნოება, ღმერთი, ადამიანი, სამშობლო, ოჯახის სიწმინდე, უნიკალური ჩვენი კულტურა და ტრადიციები – ამ ღირებულებებით უნდა გახდეთ თქვენ წარმატებული ქართველი პატრიოტები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მათთვის ძალიან საამაყოა, რომ წლიდან წლამდე ინტერესი „ჯარის ბანაკის“ მიმართ იზრდება.

„ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი მართლაც ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც ჩვენ გვაქვს ახალგაზრდებთან მიმართებით. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ წლიდან წლამდე ინტერესი „ჯარის ბანაკის“ მიმართ იზრდება და განათლების სამინისტროსთან ერთად, ჩვენ ამ პროექტს წარმატებით ვახორციელებთ.
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ სერჟანტს, თითოეულ ოფიცერს, საჩხერის სამთო სკოლის წარმომადგენლებს, კოჯრის სერჟანტთა სკოლის წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ზრუნავს ამ ახალგაზრდებზე. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ეზიარონ იმ ყოველდღიურობას, რომელიც აქვს ჯარისკაცს, ჩვენს ოფიცრებს, რას ნიშნავს სამშობლოს სამსახური. ამასთან ერთად, მიიღონ კონკრეტული გამოცდილება, განათლება კონკრეტული მიმართულებებით და, რა თქმა უნდა, ასევე, ისაუბრონ ისეთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებზე, როგორიც არის ჩვენი სამშობლო, პატრიოტიზმი, ეროვნული ღირებულებები, ოჯახის სიწმინდე და, რა თქმა უნდა, ჩვენი იდენტობა.
მადლობა მინდა გადავუხადო საპატრიარქოს, ვინაიდან მათი წვლილი და თანამონაწილეობა ამ ყველაფერში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვაფასებთ ამას. საპატრიარქო უშუალოდ არის ჩართული ამ დღეებში, საგანმანათლებლო პროცესში და ესეც ძალიან მისასალმებელია… დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც აქ არიან შეკრებილები, იქნებიან წარმატებულები ბევრ სხვა პროფესიაში, ზოგიერთი მათგანი მოიფიქრებს და შემოუერთდება თავდაცვის ძალებს, დაინახავს, რა არის სერჟანტის ცხოვრება, ოფიცრის ცხოვრება და იქნება ჩვენი თავდაცვის ძალების ნაწილი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
გალერეა




