By
22 ივნისამდე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე, 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე, მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება მაღალი წყლიანობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, ცალკეული მდინარეების აუზებში (ენგური, რიონი, არაგვი, იორი, ალაზანი) წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.