28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
დღეს მსოფლიო ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე სამოქალაქო საზოგადოებას და მთავრობებს აძლევს საშუალებას, გაერთიანდნენ და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და მიღწევები ცოფის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. 2026 წლის სლოგანია: „ერთად უფრო ძლიერები ვართ“. რაც ხაზს უსვამს, რომ ცოფის აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი მოქმედებით – ადამიანების ჯანმრთელობის, ვეტერინარული სფეროს, სახელმწიფო უწყებებისა და საზოგადოების თანამშრომლობით.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ცოფის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით ახორციელებს ანტირაბიული კაბინეტების საქმიანობის რეგულარულ მონიტორინგს, ასევე, ცოფის გავრცელების სიტუაციის სისტემატურ ეპიდზედამხედველობასა და შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების კოორდინაციას.
ცნობისათვის, ცოფი არის მწვავე ზოონოზური ვირუსული ინფექცია, რომლითაც ავადდებიან ძუძუმწოვარი ცხოველები და მისი ადამიანისთვის გადადება შესაძლებელია ისეთი ტიპის კონტაქტის დროს, როგორიცაა კბენა, დაკაწვრა, დადორბლვა. თუმცა, საბედნიეროდ, ცოფის თავიდან აცილება შესაძლებელია ვაქცინაციით. ცოფის ინკუბაციური პერიოდი, ანუ დრო დაინფიცირებიდან დაავადების გამოვლენამდე 2-6 კვირაა, თუმცა, შეიძლება შემცირდეს 5 დღემდე და/ან 1 წელზე მეტ ხანსაც გასტანოს. ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებული ჭრილობის ლოკალიზაციასა და დაზიანების ხარისხზე. ცოფით დაავადებულ ან ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის შემდეგ, დროულად ჩატარებული ვაქცინაცია ცოფით დაავადების აცილების გარანტიაა. სიმპტომებს მიეკუთვნება კონტაქტის დროს დაზიანებული ადგილის ჰიპერმგრძნობელობა, შესაძლებელია ნაიარევის ქავილი, დაბუჟება, წამოწითლება, რასაც შემდგომ მოსდევს ე.წ. აგზნების ფაზა. მოგვიანებით უკვე ვითარდება ენცეფალიტისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. პაციენტს უჭირს წყლის დალევა, სუნთქვა, აგზნების ფაზას ენაცვლება დამბლების ფაზა და საბოლოოდ დაავადება სიკვდილით (ლეტალობით) მთავრდება.
ანტირაბიული პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს ცხოველთან კონტაქტიდან რაც შეიძლება მალე. რაც უფრო მძიმეა ცხოველის მიერ მიყენებული ტრავმა, მით უფრო სასწრაფოა დროული ანტირაბიული პროფლაქტიკური ვაქცინაციის დაწყება. ჭრილობის დაზიანების ხარისხს განსაზღვრავს ექიმი. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდ რისკ-ფაქტორად მიჩნეულია ძაღლი, რადგან ძაღლისგან ადამიანის დაკბენა-დადორბვლის შემთხვევები ყველაზე მაღალია, საშიშია კატაც.
საქართველოში აღწერილია ცოფიანი კატისგან ადამიანის ცოფით დაავადების შემთხვევები. თუ შინაური ცხოველი ავლენს აგრესიულობას, აქვს საეჭვო ქცევები, ეს უკვე მისი ცოფით დაავადების რისკზე მიუთითებს. ცხოველის მიერ დაკბენის ნებისმიერ შემთხვევაში, ჭრილობა უნდა დამუშავდეს საპნიანი (სასურველია გამოყენებულ იქნას სამეურნეო ანუ სარეცხის საპონი) და გამდინარე წყლით, ამის შემდეგ აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რომელიც გადაწყვეტს ვაქცინაციის ტაქტიკას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ადამიანებში ცოფის პროფილაქტიკის საუკეთესო გზა ცხოველებში ცოფის ლიკვიდაციაა მათი ვაქცინაციის გზით.