აგროსკოლა – პრაქტიკაზე ორიენტირებული აგრარული განათლება
აგრარული მიმართულება დღითი დღე პრიორიტეტული ხდება და მოითხოვს ამ სფეროში მეტი სპეციალისტის ჩართულობას. შესაბამისად, აგრარული ბაზრის მზარდი მოთხოვნები ერთგვარ პასუხისმგებლობას აკისრებს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კვალიფიციური კადრების აღზრდაში. დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს თანამედროვე აგრარული განათლების, პრაქტიკული სწავლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. სწორედ ამიტომ შეიქმნა აგროსკოლაც. რა როლი ეკისრება აგროსკოლას სტუდენტების სწავლებაში? ამ და სხვა თემებზე გვესაუბრა ბსუ-ის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების ხელმძღვანელი, აგროსკოლის დირექტორი, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი მამუკა თურმანიძე.
– რა არის აგროსკოლა და რა მიზანს ემსახურება მისი შექმნა?
– აგროსკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ხელს უწყობს ფაკულტეტზე აგრარული მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო და პრაქტიკული მუშაობის განხორციელებას. შექმნის მთავარი მიზანი, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო. უცხოეთის უნივერსიტეტებში ასეთი სტრუქტურული მოწყობა კონკრეტული მიმართულების გაძლიერებასა და მისი მართვის მოქნილობის უზრუნველყოფას ემსახურება. ჩვენც ეს მიზანი გვამოძრავებს. გვსურს, ეფექტურად უზრუნველვყოთ სტუდენტთა სასწავლო პროცესის წარმართვა, ინფრასტრუქტურის, მათ შორის, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზებზე არსებული სიტუაციის გაუმჯობესება, შესაძლებლობის ფარგლებში, კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესწავლის მიზნით, შესაბამის საჯარო და კერძო დაწესებულებებთან, კომპეტენციის ფარგლებში, საქმიანი კავშირების დამყარება.

– რა წარმატებული პროექტები განახორციელა აგროსკოლამ?
– უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის დახმარებით, გარემონტდა აგროქიმიის, ნიადაგმცოდნეობის, მიწათმოქმედების, მცენარეთა დაცვისა და ქსოვილური კულტურის ინ ვიტროლაბორატორია. 2023 წლიდან აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) საგრანტო პროექტის „კლიმატგონივრული ექსტენცია საქართველოში“ ფარგლებში, განხორციელდა უნივერსიტეტის სასწავლო-საცდელი სათბურის მოდერნიზაცია. ასევე, აგრარული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამის რამდენიმე სტუდენტმა წარმატებით გაიარა სტაჟირება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს, აგრარულ სექტორში მოქმედ სხვადასხვა კომპანიასთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საშუალებების წარმატებული გამოცდა. ამის მაგალითია ლურჯი მოცვის თანამედროვე ჯიშების ნერგების მწარმოებელ კომპანია Fall Creek-თან დამყარებული საქმიანი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო „ლურჯი მოცვის სასწავლო-საცდელი ნაკვეთი“.
– როგორც აღნიშნეთ, განხორციელდა არსებული სასათბურე მეურნეობის მოდერნიზაცია, ასევე, მოეწყო ლურჯი მოცვის სასწავლო-საცდელი ნაკვეთი. უფრო დაწვრილებით რომ გვიამბოთ ამის შესახებ?
– თანამედროვე აგრარული სექტორი სწრაფად ვითარდება და მუდმივად ითხოვს ისეთი სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც ფლობენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ უნარებსაც. კლიმატის ცვლილება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, წარმოების ინტენსიფიკაცია, სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტები და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნები განაპირობებს აგრარული განათლების ახალი მოდელის აუცილებლობას, რომლის ცენტრალური ელემენტი პრაქტიკული სწავლებაა. სწორედ ამ მიზნით განხორციელდა უნივერსიტეტის სასწავლო-საცდელი სათბურის მოდერნიზაცია და თანამედროვე, ჭკვიანი ტექნოლოგიებით აღჭურვა. პროექტის განხორციელების შედეგად, შესაძლებელია სათბურში სამეურნეო პროცესის ზედმიწევნით ზუსტი ტექნოლოგიებით განხორციელება. ამჟამად, სათბურში ჰიდროპონიკური მეთოდით (მცენარეების მოყვანის ტექნოლოგია, როდესაც ისინი იზრდებიან ნიადაგის გარეშე, სპეციალურ საკვებ ხსნარში) აგრარულ კულტურებს ვაწარმოებთ. ასევე, დამონტაჟებულია წვეთოვანი მორწყვის (ფერტიგაციის) კომპიუტერული და დისტანციური სისტემები, რომლებიც სენსორების გამოყენებით იმართებიან. აღნიშნული ტექნოლოგია წარმატებით უზრუნველყოფს უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღებას, მეურნეობაში დანახარჯების შემცირებას.
როგორც ცნობილია, ლურჯი მოცვის სექტორი სწრაფად ვითარდება საქართველოში და იგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანია ფერმერებისა და აგრომეწარმეებისთვის, ამ მიმართულებით კი დასაქმების ბაზარზე კვალიფიციურ აგრონომებზე მოთხოვნა ძალიან დიდია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ლურჯი მოცვის სასწავლო-საცდელი ნაკვეთის მოწყობა, სადაც კულტურათა წარმოება მიმდინარეობს ქოთნების სისტემაში, კერძოდ, ხელოვნური სუბსტრატის (კოკოპიტი, მჟავე ტორფის და სხვა სუბსტრატების შერევით) გამოყენებით. ნაკვეთზე ქოთნებში ჩარგულია უახლესი ჯიშები, რომლებიც, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ბსუ-ს ნერგის მწარმოებელმა კომპანია Fall Creek-მა აჩუქა. ამჟამად ნაკვეთზე მიმდინარეობს წვეთოვანი მორწყვის ტექნოლოგიის მონტაჟი და ვფიქრობთ, დავნერგოთ ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიაც. სწორედ აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებას ეუფლებიან აგრარული მიმართულების სტუდენტები, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, დიდი ნაბიჯი გადადგან კვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბების გზაზე. ამის ნათელი მაგალითია აგრარული ტექნოლოგიების მე-3 კურსის სტუდენტი გიორგი კილასონია, რომელმაც სწორედ მოცემულ თემაზე წარადგინა უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე ნაშრომი და გაიმარჯვა.

– გარდა სათბურისა, სტუდენტები პრაქტიკულ მეცადინეობებს სად გადიან?
– უნივერსიტეტს მწვანე კონცხის ტერიტორიაზე გააჩნია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რამდენიმე მიწის ნაკვეთი, სადაც აქტიურად დავიწყეთ ციტრუსოვანთა ნარგავების მოწესრიგება. ასევე, აღნიშნულ ნაკვეთზე დარგულია ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ გადმოცემული ციტრუსების 70-მდე ჯიში. აკადემიური პერსონალის დახმარებით, გასული წლიდან მაქსიმალურად ჩავრთეთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტები სასწავლო-საცდელი ბაზის პლანტაციის მოვლის ღონისძიებებში. მათ შეუძლიათ თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, პრაქტიკულად შეისწავლონ ტრადიციული ( ჩაი, დაფნა) და სხვადასხვა სუბტროპიკული კულტურები. უნივერსიტეტს აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით გაფორმებული აქვს 20-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციასთან მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას გადიან.
– როგორც ცნობილია, ბსუ-ის აგრარულ მიმართულებაზე, აგროსკოლასთან ერთად, ფუნქციონირებს აგრარული ექსტენციის ცენტრი. რა არის მისი დანიშნულება?
– ზოგადად, ექსტენცია არაფორმალური საგანმანათლებლო პროცესია, რომელიც მოიცავს ფერმერთათვის შესაბამისი კონსულტაციებისა და ინფორმაციის მიწოდებას, რაც გამიზნულია მათი წარმოების, მოცულობისა და კონკურენტუნარიანობის, ასევე, მათი ცხოვრების საერთო დონის ამაღლებისთვის. თავის დროზე აგრარული ექსტენციის ცენტრის შექმნაც აღნიშნულმა საკითხმა განაპირობა, კერძოდ, იგი განხორციელდა აშშ-ის Land-Grant უნივერსიტეტების გამოცდილების მიხედვით, რომელიც გულისხმობს Cooperative Extension სისტემას, რაც წარმოადგენს უნივერსიტეტისა და საზოგადოების დამაკავშირებელ მექანიზმს. მისი მთავარი დანიშნულებაა, უნივერსიტეტში შექმნილი ცოდნა არ დარჩეს მხოლოდ ლაბორატორიებსა და აუდიტორიებში, არამედ სწრაფად იქცეს პრაქტიკულ რეკომენდაციებად და ხელმისაწვდომი გახდეს თითოეული ფერმერისთვის. ბსუ-ის აგრარული ექსტენციის ცენტრი, აგრარული მიმართულების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობით, ახორციელებს სოფლის მეურნეობის დარგების მხარდაჭერისა და საზოგადოებისათვის აგრარულ სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი აქტივობების ორ მიმართულებას – საჯარო სკოლები, სადაც ხორციელდება პროექტები: „ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში“ და „ნორჩი აგრონომი“ და ფერმერული მეურნეობები, სადაც ტარდება საველე შეხვედრები და ტრენინგები. დღეს აგრარული ექსტენციის ცენტრი წარმოადგენს ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ხელს უწყობს ფაკულტეტზე აგრარული მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებას და უნივერსიტეტის მესამე მისიის გაძლიერებას. აგრარული ექსტენციის ცენტრის გარდა, ჩვენთან ფუნქციონირებს „კლიმატის მართვის ცენტრიც“, სადაც მუდმივად ეწყობა გარემოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მიმდინარე უარყოფითი ცვლილებების შემცირება-შერბილების, ეკოლოგიური წონასწორობისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები, სემინარები, ტრენინგები.
– როგორც აღნიშნეთ, აგრარული ექსტენციის ცენტრი აქტიურად აგრძელებს პროექტებს „ნორჩი აგრონომი“ და „ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში“ განხორციელებას…
– აღნიშნული პროექტების მთავარი მიზანია, საჯარო სკოლებში აგრარული სფეროს პოპულარიზაცია. გვსურს ვაჩვენოთ სკოლის მოსწავლეებს, თუ როგორია აგრონომის პროფესია და რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნის განვითარებასა და მოსახლეობის ჯანსაღი სურსათით უზრუნველყოფაში; ასევე, მოვუყვეთ იმ თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, რომელებსაც სადღეისოდ ჩვენს სფეროში იყენებენ, დავაინტერესოთ ისინი უნივერსიტეტის აგრარული ტექნოლოგიების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებით. „ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში“ ხორციელდება 2023 წლიდან, როდესაც USDA-ის ფინანსური მხარდაჭერით და პლატფორმა ,,მომავლის ფერმერის“ ორგანიზებით, შეირჩა აჭარაში მოქმედი 6 საჯარო სკოლა, სადაც მოვაწყვეთ სათბურები, ჟოლოსა და ლურჯი მოცვის ბაღები და ადგილზე შეიქმნა აგროკლუბები. აღნიშნულ სკოლებთან დღემდე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მოწყობილი მეურნეობის შენარჩუნებისა და მოსწავლეების ჩართულობასთან დაკავშირებით. მაგალითისთვის, პროექტის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხალას საჯარო სკოლაში მოწყობილ საჩითილე მეურნეობაში, მოსწავლეები სკოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით, უკვე მესამე წელია, ბოსტნეულის ჩითილებს აწარმოებენ და რეალიზაციას უკეთებენ, ხოლო გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს სკოლის აგროკლუბის მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელებისათვის იყენებენ. რაც შეეხება „ნორჩი აგრონომის“ პროექტს, მისი მიზანია მოზარდებში აგრარული დარგის პოპულარიზაცია, მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების განვითარება. პროექტის ფარგლებში, აგრარული ექსტენციის ცენტრის ორგანიზებით, შეირჩა რამდენიმე საჯარო სკოლა და 100 მოსწავლეს, ჩვენი აკადემიური პერსონალის ჩართულობით, ჩაუტარდა სადემონსტრაციო გაკვეთილები და პრაქტიკული სწავლება სოფლის მეურნეობის აქტუალურ თემებზე. ეს აქტივობები მოიცავს როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე თანამედროვე აგროტექნოლოგიების გაცნობას. ბსუ-ის სადემონსტრაციო სათბურსა და ლაბორატორიებში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დათესეს და გამოიყვანეს ბოსტნეულის ჩითილები, მეორე ეტაპზე გაზრდილი ჩითილები დაირგო უნივერსიტეტის სასათბურე მეურნეობაში, რის შემდეგაც სისტემატურად მონაწილეობენ ჩითილების გაზრდისა და სხვადასხვა აგროტექნიკურ ღონისძიებაში. პროექტის ბოლო ეტაპზე მიღებული მოსავალი უნივერსიტეტისგან მათ საჩუქრად გადაეცემათ. ვფიქრობთ, აღნიშნული პროექტები გავაგრძელოთ მომავალში, მოვიცვათ უფრო მეტი საჯარო სკოლა და მაქსიმალურად დავაინტერესოთ ახალგაზრდობა აგრარული დარგით.

– დღეს რა გამოწვევების წინაშე დგას აგრარული სექტორი და როგორ ეხმარება აგროსკოლა ამ გამოწვევების დაძლევაში?
– აგრარულ სექტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან იგი პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებასთან და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ კეთილდღეობასთან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია, დარგის მდგრად განვითარებას დღემდე არაერთი გამოწვევა აფერხებს. განათლების მხრიდან თუ შევხედავთ, განსაკუთრებით აღსანიშნავია კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი, თუმცა, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, დღემდე დიდი პრობლემაა ჩვენი კურსდამთავრებულების სპეციალობით დასაქმების საკითხი, რის გამოც ბევრი მათგანი ტოვებს აგრარულ სფეროს. სწორედ ამიტომ, ერთი მხრივ, აუცილებელია აგრარული განათლების მიწოდებისას გავაუმჯობესოთ უმაღლესი განათლების პროგრამები, მეორე მხრივ კი აუცილებელია მეტი ნდობა გამოუცხადონ ახალგაზრდებს სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებმა დასაქმების თვალსაზრისით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წელს წარმატებით გაიარა აკრედიტაცია „აგრარული ტექნოლოგიებისა“ და „სურსათის ტექნოლოგიის“ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადა 7 წელია, პროგრამა როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო დონეზე მაქსიმალურად პასუხობს დარგში არსებულ მოთხოვნებს, რაც აკრედიტაციის ექსპერტთა შეფასებებშიც გამოჩნდა. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი უნივერსიტეტის, ფაკულტეტის ხელმძღვანელობას, პროგრამის ხელმძღვანელებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, ვინც პროგრამების მომზადებაში იყო ჩართული. ახალი პროგრამა კიდევ უფრო მეტად პასუხობს დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს, მაქსიმალურადაა გათვალისწინებული თანამედროვე ტენდენციები, სტუდენტთა და პოტენციურ დამსაქმებელთა საჭიროებები. ვცდილობთ, აგრარული სექტორის განვითარებაში მონაწილეობა მივიღოთ თანამედროვე ტექნოლოგიების, ინოვაციური მიდგომებისა და სამეცნიერო მიღწევების პრაქტიკაში დანერგვის თვალსაზრისით, რასაც აგრარული ექსტენციის ცენტრი თავისი პროგრამებით, აქტიურად ახორციელებს. ვფიქრობთ, საქართველოს აგრარული სექტორის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, რომელიც ერთდროულად მოიცავს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, კვალიფიციური ადამიანური რესურსების მომზადებას, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას, მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარებას, ასევე, აკადემიური საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას სახელმწიფო აგრარული პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში.
– ცნობილია, რომ აგრარული მიმართულების სტუდენტები გადიან სტაჟირებას გვარა-ხუცუბნისა და ჩაქვის აგროსერვისცენტრის სადემონსტრაციო-სანერგე მეურნეობებში, სხვა სტრუქტურებში. აღნიშნული სტაჟირება რამდენად ეხმარებათ მომავალ სპეციალისტებს?
– სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამები სტუდენტებს დიდ შესაძლებლობებს უქმნის პრაქტიკული გამოცდილებისა და კარიერული განვითარების თვალსაზრისით. ბოლო წლების განმავლობაში, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარა 65-ზე მეტმა სტუდენტმა, საიდანაც, დაახლოებით, 20-ზე მეტი დასაქმდა სპეციალობის მიხედვით, რაც ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობაზე მიუთითებს.
– თქვენი აზრით, რატომ უნდა აირჩიოს ახალგაზრდამ აგრარული მიმართულება?
– სახელმწიფოს ძლიერებისთვის აგრარული სექტორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროა. იგი დღეს მსოფლიოში მხოლოდ ტრადიციული სოფლის მეურნეობა აღარაა. ეს არის თანამედროვე, ინოვაციებზე, მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სფერო, რომელიც აერთიანებს აგრონომიას, მცენარეთა დაცვას, ზუსტ სოფლის მეურნეობას, ბიოტექნოლოგიას, ხელოვნურ ინტელექტს, დრონების გამოყენებას, მონაცემთა ანალიზს, კლიმატ გონივრულ და გარემოს დაცვით მიდგომებს, სადაც მუშაობა ძალიან საინტერესო იქნება ახალგაზრდებისათვის. აგრარული მიმართულების არჩევა პირდაპირ ნიშნავს პროფესიის დაუფლებას, რომლის მნიშვნელობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. მსოფლიოს მოსახლეობის ზრდა, კლიმატის ცვლილება და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა მუდმივად ზრდის მოთხოვნას მაღალკვალიფიციურ აგრარულ სპეციალისტებზე. შესაბამისად, ამ სფეროში განათლებულ კადრებზე მეტი მოთხოვნა იქნება, როგორც საქართველოში, ისე, საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
– დაბოლოს, რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?
– ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები ბსუ-ის აგრარული მიმართულების სასწავლო შენობაში, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა, რაც შესანიშნავ შესაძლებლობებს ქმნის ლექტორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციული პერსონალის და სტუდენტებისათვის. სამომავლოდ იგეგმება ლაბორატორიული კვლევითი შესაძლებლობების და სასწავლო-საცდელი ბაზების კიდევ უფრო განვითარება, ბეჭდვითი და ელექტრონული ბიბლიოთეკის განახლება და სხვა.
თამარ ლამპარაძე