
განხილვა კვლავ მიმდინარეობს…
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მეორე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო საკითხი ინტერესსა და ვნებათაღელვას იწვევს. პარტია „ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის თქმით, ის რაც ხდება პრეზიდენტის ირგვლივ, არის მცდელობა, „შექმნან სურათი, როგორ დასჯიან არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ ყველა მოქალაქეს, რომელსაც ამ ქვეყნის მომავალი ევროკავშირში უნდა“. ნაცვლიშვილის განცხადებით, თუ პროცესი პარლამენტში გადავა პარტია „ლელო“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.
პრეზიდენტს და პრეზიდენტის ინსტიტუტს მხარდაჭერა გამოუცხადა პარტიამ „საქართველოსთვის“. ბათუმის საკრებულოს წევრ აკაკი გვიანიძის განცხადებით, „ის, რაც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, სინამდვილეში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა კი არ არის, ეს არის ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“. აღსანიშნავია სხდომის მიმდინარეობისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძის კითხვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისადმი. მანანა კობახიძე დაინტერესდა: „პრეზიდენტს წინა წელსაც არ ჰქონდა ვიზიტზე თანხმობა, მაგრამ წავიდა და იმპიჩმენტი არ დაინიცირდა – უნისონში თუ იქნებოდა მისი ყველა პოლიტიკური განცხადება და არ იქნებოდა კრიტიკა, ამ ჯერზეც ეპატიებოდა ეს წასვლა?“. მანანა კობახიძემ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მეტი მტკიცებულების წარდგენისკენ მოუწოდა.
„მე, როგორც ერთი მოსამართლე, მინდა დავრწმუნდე, რომ იმპიჩმენტის წარდგენა არა პოლიტიკური ანგარიშსწორებით და პოლიტიკური უთანხმოებითაა გამოწვეული, არამედ მიგაჩნიათ, რომ იმ დონის დარღვევაზეა საუბარი, რომლის ჩადენის და სამართლებრივად დადასტურების შემთხვევაში, წარმოუდგენელი და შეუთავსებელი შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე დატოვება“ – განაცხადა მანანა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, პოლიტიკური კუთხით, მათ არ აქვთ იმპიჩმენტის წარმატებით დასრულების მოლოდინი, ვინაიდან დარწმუნებულია, პრეზიდენტს ჰქონდა ოპოზიციის იმედი, როდესაც კონსტიტუციას არღვევდა.
„იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს და რომც არ დაადგინოს, ჩვენ ჩვენი პოზიცია უკვე გვაქვს დაფიქსირებული – ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ არის პრეზიდენტობის ღირსი“ -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმაა საჭირო, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პარლამენტში.