19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი“ – მეთხუთმეტედ
By

ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი“ – მეთხუთმეტედ

მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –

ბათუმში წელს მეთხუთმეტედ გაიხსნა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, რომელზეც 95 ქვეყნის 116 ფილმია წარმოდგენილი.

ანიმაცია კინოს უნივერსალური ჟანრია, რომელიც პატარებს და დიდებს ერთნაირად უყვართ. საქართველოში არაერთი შესანიშნავი ანიმაციური ფილმია შექმნილი, რომლებიც დიდი სიყვარულით სარგებლობენ და რომლებზეც თაობები გაიზარდა.

ფესტივალი 13 ნოემბერს დაიწყო, თუმცა ოფიციალურად ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ თეატრში გუშინ გაიხსნა. ფესტივალის დამაარსებელმა და მისმა ხელმძღვანელმა ზურაბ დიასამიძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მათ გვერდით დაუდგა, განსაკუთრებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას – ფინანსური მხარდაჭერისთვის, აღნიშნა, რომ მათ გარეშე ვერაფერს შეძლებდნენ.

ფესტივალი გაიხსნა დავით სიხარულიძის ანიმაციური ფილმის „ჩაკრულოს“ საპრემიერო ჩვენებით, რომლის სცენარის ავტორიც და მხატვარიც თავად გახლავთ. როგორც დავით სიხარულიძემ აღნიშნა, ფილმი ნამდვილ ამბავზეა აგებული. „ ქართული სიმღერა განსაკუთრებული ფენომენია, მაგრამ „ჩაკრულო“ მათ შორის, გამორჩეულზე გამორჩეულია. ის არა მარტო ჩვენ მოგვწონს და გვიყვარს, არამედ სხვა კონტინენტებზეც შეამჩნიეს, მოიწონეს და. . . ამერიკელებმა 1977 წელს „ნასას“ პროგრამით, მზის სისტემის გარეთ, კოსმოსში გაუშვეს. ყველაფერი შეიძლება გაქრეს, მაგრამ „ჩაკრულო“ კოსმოსში მუდამ იარსებებს“, – თქვა მან .

ფესტივალის ფარგლებში ფილმების ჩვენება მაღალმთიან აჭარაშიც მოეწყო. ზურაბ დიასამიძემ დარბაზს ჟიური წარუდგინა და მან ჟიურის წევრები სცენაზე მიიწვია. საიუბილეიო ფესტივალი წელს საკმაოდ მასშტაბურია, ფილმები სხვადასხვა კატეგორიადაა დაყოფილი – საბავშვო, მოზარდთა, სადებიუტო, ასევე, ბავშვების მიერ გადაღებული ფილმები, რომელსაც მთავარი, ახალგაზრდული (ორივე საერთაშორისო) და ერთიც საბავშვო ჟიური აფასებს.

ფესტივალი მოიცავს მასტერკლასებსა და სამუშაო შეხვედრებსაც, რომეიც ფილმების ჩვენების პარალელურად იმართება.

– ფესტივალი განსხვავებულია იმით, რომ წელს ქართული ანიმაციური ფილმებიცაა წარმოდგენილი, რისი დიდი საურვილი გვქონდა მე-15 წლისთავზე ამის საშუალება მოგვეცა, იმედი გვაქვს, რომ ფესტივალის დახურვაზე ბავშვების მიერ მომზადებულ პატარა ფილმსაც წარვადგენთ, – აღნიშნა ზურაბ დიასამიძემ.

ფესტივალი ხუთდღიანია და იგი 18 ნოემბერს დასრულდება, გამარჯვებულებსაც ამ დღეს გამოავლენენ.

შეკრებილებს მიესალმნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ ნიკოლაიშვილი, საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. როგორც აღინიშნა, ფესტივალი არა მხოლოდ საკონკურსო ფილმებითაა გაჯერებული, არამედ საგანმანათლებო პროგრამებითაც, რომელშიც ახალგაზრდები არიან ჩართულები.

ფესტივალს არაერთი სტუმარი ესწრება, მათ შორის, თელავის ნაფარეულის, ხულოს, ზუგდიდის, ფოთის, ქედის, თბილისისა და რა თქმა უნდა, ბათუმის სკოლების მოზარდები.

  • No Comments
  • ნოემბერი 16, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *