18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
მაია ხაჯიშვილი – საქართველო ყოველთვის იქნება ერასმუსის პროგრამის ძლიერი პარტნიორი
By

მაია ხაჯიშვილი – საქართველო ყოველთვის იქნება ერასმუსის პროგრამის ძლიერი პარტნიორი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება მეექვსე საერთაშორისო კვირეული, რომელიც სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება.
კვირეულის ფარგლებში ბსუ-ს 12 უნივერსიტეტის 20-ზე მეტი წარმომადგენელი სტუმრობს.
საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების პარტნიორი ქვეყნების (პოლონეთი, ბულგარეთი, გერმანია, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩეხეთი, სლოვენია, საფრანგეთი, ისრაელი, მალტა, ლიეტუვა, საბერძნეთი) ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, აკადემიურ პირებთან, სტუდენტებთან, გაეცნობიან უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას, გამართავენ პრეზენტაციებს იმ უნივერსიტეტების შესახებ, რომელსაც წარმოადგენენ.
12 ივნისს, კვირეულის ფარგლებში, გაიმართება ტრენინგი „ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების (ორმაგი დიპლომები)“ შექმნის საკითხებზე.
კვირეული მიზნად ისახავს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, ბსუ-ის პოპულარიზაციას, ერთობლივი საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვას, თანამშრომლობის გაღრმავებას პარტნიორ უნივერსიტეტებთან, მომავალში თანამშრომლობის მიზნით, ახალი ხელშეკრულებების ხელმოწერას.
– საერთაშორისო კვირეულს უკვე მეექვსედ ვატარებთ და სასიამოვნოა, რომ ყოველწლიურად იზრდება მონაწილე ქვეყნების რიცხვი. ეს არის ღონისძიება, რომელიც ხელს უწყობს ინტერნაციონალიზაციის განვითარებას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას, მეტ შესაძლებლობებს ქმნის აკადემიური წევრებისთვის და სტუდენტებისთვის, რომ მათ საერთაშორისო მობილობაშია მეტად მიიღონ მონაწილეობა. წელს გვაქვს სიახლე – კვირეულის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგი, რომელიც შეეხება ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს. ვფიქრობ, ეს კვირეული როგორც ჩვენთვის, ასევე, ჩვენი სტუმრებისთვის იქნება საინტერესო. რაც მეტი საერთო პროგრამა გვექნება, მით უფრო გაიზრდება საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა ჩვენს უნივერსიტეტში. სხვადასხვა უნივერსიტეტთან ერთად განხორციელდება არაერთი პროგრამა და გაიცემა ორმაგი დიპლომები, – გვითხრა ბსუ-ის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მარინე გიორგაძემ.
საერთაშორისო კვირეულის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ.
– დიდი პატივია ასეთი ღონისძიების მასპინძლობა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორობა გაგრძელდება და უფრო მეტად გაღრმავდება. ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ ჩვენს უნივერსიტეტში უწყვეტად არის ის გაცვლითი პროგრამები, რომლებიც ემსახურება როგორც სტუდენტების სხვადასხვა უნივერსიტეტში მივლინებას, ასევე, აკადემიური პერსონალის სხვადასხვა რეიტინგულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას. გამოვიარეთ პერიოდი, როდესაც ოცნებაც კი ზედმეტი იყო იმაზე, რომ ჩვენი სტუდენტები ან აკადემიური პერსონალი მიიღებდა მონაწილეობას რომელიმე გაცვლით პროგრამაში. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის ყველა კარი ღიაა. შესაბამისად, ეს შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ და მიღებული გამოცდილება მაქსიმალურად მოვარგოთ ჩვენს ყოფიერებას და საუნივერსიტეტო ცხოვრებას, – აღნიშნა ტიტე აროშიძემ.
კვირეულის გახსნას დაესწრო აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, რომელმაც მსგავსი ღონისძიებებისა და ევროპული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
– ერასმუსის პროგრამასთან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძლიერი პარტნიორობა ნიშნავს, რომ ევროპულ უნივერსიტეტებთან კომუნიკაცია მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ბსუ-ის ყველა პროგრამაში ჩანს. არ არსებობს უნივერსიტეტის არცერთი საფეხურის პროგრამა, იქნება ეს საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო, სადაც განსაკუთრებული ადგილი არ უჭირავს როგორც სტუდენტების, ასევე, აკადემიური პერსონალის გაცვლით პროექტებს. ეს არის ხაზგასმა იმისა, თუ როგორ ხედავს ჩვენი რეგიონი, ქვეყანა ახალგაზრდების მომავალს. მთავრობა, სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს უნივერსიტეტის მხარდაჭერას ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად, – აღნიშნა მინისტრმა. მან მადლობა გადაუხადა როგორც უნივერსიტეტის ყოფილ, ისე, ამჟამინდელ რექტორებს, მთელ გუნდს, თავდაუზოგავი საქმიანობისთვის, თანამშრომლობის საერთაშორისო სპექტრის კიდევ უფრო გაშლისთვის და ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო ყოველთვის იქნება ერასმუსის პროგრამის ძლიერი პარტნიორი“.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადა ჰელენიკის (საბერძნეთი) ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ევანგელია მენეგატიმ, რომლის თქმითაც, აუცილებელია სამომავლოდ დაიგეგმოს ერთობლივი პროგრამები, რომლებიც არაერთი მიმართულებით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.
– პასუხისმგებელი ვარ ერასმუსის გაცვლით პროგრამაში ჩართული სტუდენტებისა და პერსონალის მობილობაზე, ვმუშაობ საერთაშორისო ოფისში. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ვესწრები მეექვსე საერთაშორისო კვირეულს. ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ყოველ წელს ბსუ-დან ვმასპინძლობთ სტუდენტებს. მაგალითად, გასულ კვირას ჰელენიკის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტმა გაუწია ორგანიზება საერთაშორისო კვირეულს, რომელშიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი წარმომადგენელი იყო ჩართული, დღეს კი უკვე აქ ვიმყოფები. თქვენს უნივერსიტეტთან სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. ვფიქრობთ, პირველ რიგში, დავგეგმოთ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც სამომავლოდ აუცილებლად განვახორციელებთ, – აღნიშნა ევანგელია მენეგატიმ.

ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • ივნისი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *