
ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: სპეცრაზმმა იმდენი იხტუნავა ჩემს ზურგსა და მუცელზე, საბოლოოდ, მუცლის ბადე ჩამეშალა
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც დღეს განსახილველ თემას წარმოადგენს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმე. სხდომაზე მიწვეულია ყოფილი პოლიტპატიმარი ნიკოლოზ გოგუაძე, რომელმაც სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენა, როდესაც 2011 წლის 26 მაისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, 24 ადამიანი დააკავეს.
მისი განცხადებით, ქარელის პოლიციაში სპეცრაზმმა დაკავებულებს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ხოლო მათზე ანგარიშსწორებას დანარჩენებს ასმენინებდნენ.
გოგუაძის თქმით, მასთან მიმართებით ყველაზე აქტიური მეგის ქარდავა იყო.
,,მონასტრის ეზოში მე მცემეს, რამაზ ღვალაძე სცემეს და როგორც ვიცი, მიხეილ ცილიკიშვილს სცემეს უშუალოდ ყინწვისის კომპლექსში. მე იარაღის კონდახები მირტყეს. ქარელის პოლიციაში ძალიან მაგრად გაგვისწორდნენ, უმოწყალოდ გვცემეს. სადაც ჩვენ გვირტყამდნენ, ფანჯრები იყო გაღებული და დანარჩენი ხალხი ხომ ჩამწკრივებული ჰყავდათ დაბლა და იმათ ასმენინებდნენ ამ ჩვენს ცემას. ცემა იყო კონდახებით, ფეხით, ხელკეტით. სპეცრაზმმა იმდენი იხტუნავა ჩემს ზურგსა და მუცელზე, რომ საბოლოოდ, ისეთი ტრავმები მივიღე, მუცლის ბადე ჩამეშალა, ხერხემალი დამიზიანდა, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობ იმიტომ, რომ ისე გვცემდნენ, რაღაცნაირად გვიჭერდნენ – მიწაზე ვიწექით, ოთხი ადამიანი გვიჭერდა და ზემოდან დახტუნავდნენ ჩვენზე. მე პირადად, გონებადაკარგული ვიყავი და დარწმუნებული ვარ, სხვებიც. უშუალოდ (მეგის) ქარდავა იყო ყველაზე აქტიური ჩემთან მიმართებით და კიდევ ერთი ადამიანი, რომლის სახელის და გვარის დასახელებისაგან მხოლოდ ერთადერთი მიზნით შევიკავებ თავს, რომ ახლაც მიდის საგამოძიებო მოქმედებები და არ მინდა, ამით გამოძიებას ხელი შევუშალო~, – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი. ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს, გამოძიებამ არც ერთი საგამოძიებო მოქმედება სათანადოდ არ ჩაატარა.