
გამოცდილება გაუზიარა
შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა. კოლეგების წინაშე წარსდგა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი ლევან ქათამაძე, რომელიც ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდის“ (ბათუმის მასწავლებლის სახლი) პროგრამით ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში ერთკვირიან სტაჟირებაზე იმყოფებოდა. მან დამსწრეთ იქ მიღებული შთაბეჭდილება და გამოცდილება გაუზიარა.
ლევან ქათამაძემ და შუახევის რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ ისაუბრეს პროგრამის შესახებ, რომელიც ფიზიკის მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი კვირის განმავლობაში შეისწავლონ CERN-ის მუშაობის პროცესი, მოისმინონ საერთაშორისო დონის ქართველი და უცხოელი მეცნიერების მოსაზრებები, გაეცნონ ტექნოლოგიის უახლეს მიღწევებს და ყოველივე ეს გამოიყენონ პედაგოგიურ საქმიანობაში.
წარდგენის დასრულების შემდეგ, ფიზიკის მასწავლებლები რესურსცენტრმა „შუახევიჰესის“ დასათვალიერებლად მიიწვია, პედაგოგები შეხვდნენ `შუახევიჰესის~ დირექტორ პრაშანტ შინდეს, გაეცნენ ჰესის მუშაობის პრინციპებს. აღსანიშნავია, რომ ამ ობიექტმა წელს რამდენიმე სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს გაუწია მასპინძლობა.
– დღემდე ვთანამშრომლობთ `შუახევიჰესთან~ სამომავლოდაც, ცალკეული საგნების მიმართულების გასაძლიერებლად იგეგმება აქტიური თანამშრომლობა შუახევის რესურსცენტრსა და შპს „აჭარისწყალ ჯორჯიას“ შორის, – გვითხრა ედუარდ გოგრაჭაძემ.
ოთარ ცინარიძე