18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება
By

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

 

 

2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ, – ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.

 

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად ემზადება გამოცდების ჩასატარებლად. ცენტრმა უკვე უზრუნველყო საგამოცდო ტესტების აპრობაცია, ასევე საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისათვის მოსამზადებელი ტრენინგებისა და ტესტირების ჩატარება.

 

ამჟამად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგამოცდო ცენტრების რაოდენობის გათვალისწინებით მიმდინარეობს პასუხების ფურცლებისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლების, დამხმარე მასალების (რუკებისა და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის) ბეჭდვა-დახარისხება, ასევე საკანცელარიო, სამედიცინო და სამეურნეო ნივთების დაკომპლექტება და სხვ. დასრულების ეტაპზეა ლეპტოპებში სპეციალური პროგრამის ჩაწერა. დასასრულს უახლოვდება დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოსაცდელთა მოთხოვნების იდენტიფიკაცია და ანალიზი სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნის თაობაზე, მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და ფორმა N100-ის საფუძველზე, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

2025 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში (ქალაქ ბათუმის №10 საჯარო სკოლა – ქ. ბათუმი, ივანე ჯავახიშვილის ქ. 66; ქალაქ ბათუმის №14 საჯარო სკოლა – ქ. ბათუმი, ინასარიძის ქ. №11; დაბა ხულოს საჯარო სკოლა – დ. ხულო, შავაძის ქ. №3) ,ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. ცენტრი სულ მალე დაიწყებს შესაბამისი ინვენტარით საგამოცდო ცენტრების აღჭურვას.

 

გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა არა ერთი ღია კარის დღე 2025 წლის გამოსაცდელებისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც პირისპირ, ასევე ონლაინრეჟიმში. რეგისტრირებული აპლიკანტებისათვის უახლოეს მომავალში დაიგეგმება კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც სრულად საგამოცდო პროცესსა და წესებს შეეხება – კონკრეტული თარიღი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკგვერდებზე გამოქვეყნდება.

 

2025 წლის გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით უკვე გაიმართა საორგანიზაციო ჯგუფის სხდომაც, სადაც შეხვედრის მონაწილეებმა გამოცდებისთვის მზადების სამოქმედო გეგმა და შესასრულებელი აქტივობები განიხილეს. შეგახსენებთ, რომ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლების გამოცდების ჩასაბარებლად, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სულ 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული“.

 

  • No Comments
  • ივნისი 20, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *