
გასვლითი შეხვედრა – შუახევში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე მუნიციპალიტეტებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი გასვლითი შეხვედრა შუახევში შედგა. იგი ამ მუნიციპალიტეტში მოადგილეებთან – ლადო მგალობლიშვილთან და ირმა აბულაძესთან ერთად იმყოფებოდა.
შეხვედრას შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, ასევე, კულტურის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ომარ ტაკიძემ, სახელოვნებო და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის, კულტურის ცენტრის დირექტორებმა ნინო ბერიძემ, მაია დავითაძემ ინფორმაციები მიაწოდეს არსებულ მდგომარეობაზე, მომავალ საქმიანობასა და საჭიროებებზე, კულტურული პროექტების განხორციელების საკითხებზე.
მინისტრის განცხადებით, ადგილობრივი კადრების პროფესიული განვითარებისა და გადამზადების მიზნით, სამინისტრო, სპეციალური პროგრამების ფარგლებში, ხელს შეუწყობს მასტერკლასებისა და ღია გაკვეთილების ჩატარებას სახელოვნებო სკოლაში. იგი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს შუახევის მუნიციპალიტეტის ტრადიციული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების ჩართვას სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს შუახევის ბიბლიოთეკა, ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლა. ადგილობრივმა ანსამბლებმა („ფესვები“, „ჭვანა“ და „ნაი“) სტუმრებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს.
– შუახევში საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა გვქონდა. სამინისტრო, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ერთობლივი მუშაობით ვიზრუნებთ იმ პროგრამებისა და პროექტების განხორციელებისთვის, რაც ჩვენ წინაშე დგას, – გვითხრა ქალბატონმა ელისო ბოლქვაძემ.
ოთარ ცინარიძე
გალერეა


