18 C ბათუმი
Wednesday 25th June 2025
წარსული დიდების ნაშთებს უფრო მეტად უნდა ვუპატრონოთ
By

წარსული დიდების ნაშთებს უფრო მეტად უნდა ვუპატრონოთ

პრობლემა და განსჯა

საქართველო ისტორიული ციხეებისა და ძეგლების ქვეყანაა, უმრავლესობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. გამონაკლისი არც აჭარაა, სადაც მრავალი ისტორიული ციხე თუ საკულტო დაწესებულებაა. წარსულის სიმდიდრეების დაცვა-შენარჩუნებაზე აქტიურად ზრუნავს ხელისუფლება. შორს რომ არ წავიდეთ, ბოლო დროს ხიხანის ციხეზე შესრულებული რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოებიც საკმარისია ამის დასადასტურებლად. ერთ დროს მიუვალ ციხე-ქალაქთან მისვლა სპეციალურად გაკეთებული გზა-ბილიკითაა შესაძლებელი. ადრე ციხის ძირთან მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით თუ მიხვიდოდით და ისიც მზიან ამინდში. სულ მალე აქ მიმოსვლა ასფალტ-ბეტონისსაფარიანი გზით იქნება შესაძლებელი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. . .

მართალია, ციხეზე ასასვლელი გზა-ბილიკი მოწესრიგებულია, მაგრამ მსურველი ასვლა-ჩამოსვლას 2 საათზე მეტს უნდება. დროის დეფიციტს დაღლაც ემატება. წლების წინ ითქვა, რომ ციხეზე ასასვლელად საბაგირო გზა გაკეთდებოდა, მაგრამ..

– მე ბაკოს მკვიდრი ვარ,- გვითხრა 90 წელს მიტანებულმა პროფესორმა სერგო დუმბაძემ, – შორეულ მთისპირა სოფლებს – მთისუბანს, ბაკოსა და თხილვანას მრავალი მნახველი ჰყავს. ბევრი მათგანი ხიხანის ციხეზე ასვლასაც ნატრობს, მაგრამ ზოგს ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, ზოგიც დროის დეფიციტს მოიმიზეზებს. ბაკოდან ხიხანის ციხემდე საბაგირო გზის გაკეთება დროული და საჭირო საქმეა. მადლობა გაზეთს, საზოგადოებას, კომპეტენტურ ორგანოებს ეს პრობლემა რომ შეახსენეთ, – გვითხრა ბატონმა სერგომ.

ვიზიტიორები არ აკლია შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ მთავარ ციტადელად წოდებულ გონიოს ციხე-სიმაგრეს. კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძის მიზანია, ისტორიული ძეგლის ტერიტორია მასობრივი კულტურული ღონისძიებების ცენტრად აქციოს. ხიხანის ციხის თითქმის 5 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორია, რომელიც ზღვის დონიდან 2236 მეტრის სიმაღლეზეა, არანაკლები მიზიდულობის ცენტრი შეიძლება გახდეს.

ისტორიული და კულტურული ნაგებობებითაა ცნობილი სხალთა-ხიხანის, მარეთის, ჭვანის, მაჭახლის, კინტრიშის, ღორჯომის ხეობები. ქვეყანაში, თუნდაც მსოფლიოში, ანალოგი არ მოეძებნება შუახევის რაიონის სოფელ ხაბელაშვილებში არსებულ ოთხსაუკუნოვან დახურულ ხის ხიდს, რომელიც მდინარე ჭვანისწყალზეა გადებული. იგი დაშლის პირას იყო მისული. მისი რესტავრაცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრის გიორგი თავამაიშვილის დამსახურებაა.

ჭვანის ხეობაშია ოთოლთას (კივრიშის) ციხე, სადაც რამდენიმე დღით დაყოვნდა ბაზალეთის ომს გამოქცეული დიდი მოურავი. ორი წლის წინ ჩვენი გაზეთი იუწყებოდა, რომ ციხის რესტავრაცია-კონსერვაციაზე 800 ათასი ლარი იყო მობილიზებული. სამუშაოები აქამდე არ დაწყებულა. ცნობილ ექიმ იაგო ტაკიძის ინიციატივით ციხეზე ჯვარი აღიმართა, შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ციხეზე მისასვლელი კიბეებიც გააკეთა, მაგრამ დაშლის პირას მისული კედლები დროულ შველას ითხოვს.

ოქროპილაურის, გოგლაურას (მთისუბნის), მახალაკიძეების, ცინარეთის ციხეები, დარჩიძეების, ჯაბნიძეების, წაბლანის (ნათლისმცემლის), ყავახლუხის ნაეკლესიარები, სანალიას გამოქვაბულები – ეს შუახევის რაიონის მარეთის ხეობის ისტორიული ძეგლები და საკულტო დაწესებულებებია. ადგილობრივი ბიუჯეტი რასაც სწვდება, კეთდება, მაგრამ გლობალურ სამუშაოებზე თანხები არ ჰყოფნით. ტრანსპორტით მისვლა მხოლოდ გოგლაურასა და ოქროპილაურის ციხეებთანაა შესაძლებელი. შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ცინარეთის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობას აპირებს, მაგრამ შემორჩენილი ნაშთები დროულ მიშველებას ითხოვს.

– რამდენიმე წელია გასული მას შემდეგ, რაც ცინარეთის ციხეზე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების უკვდავსაყოფად მემორიალური წარწერები გავაკეთეთ, სოფლის ახალგაზრდების ინიციატივით, კილდიკალოზე ჯვარი აღიმართა. მის განათებასაც გვპირდებიან. გზის მიყვანაც პრობლემა აღარაა. იქ არსებული ქვევრები, ციხის კედლები, დროულ რესტავრაცია-კონსერვაციას საჭიროებს, – გვითხრა 80 წელს გადაცილებულმა პენსიონერმა პედაგოგმა შალვა ცინარიძემ.

სანალიას მთაში არსებულ გამოქვაბულებთან რომ მიხვიდე, მუხლის სიმაგრეა საჭირო. არადა, კილდიჯვრის გამოქვაბულები საინტერესო ტურისტული ადგილი შეიძლება გახდეს.

– ჟურნალისტები გოდერძი შარაშია, ოთარ ცინარიძე, მე და რამდენიმე ადგილობრივი წაგვიყვანა ოლადაურის მუზეუმის მაშინდელმა დირექტორმა, აწ განსვენებულმა არჩილ მაკარაძემ კილდიჯვრის გამოქვაბულების სანახავად, 4 კილომეტრი საცალფეხო გზით ვიარეთ, კიდევ ერთი კილომეტრი – ხევში, დაღმართზე. მწყემს დიმიტრი ფუტკარაძის ალღო რომ არა, ბურუსიან დღეს გამოქვაბულების მიგნება გაგვიჭირდებოდა. ამ ექსპედიციის შემდეგ, გათხრებიც ვაწარმოეთ. კარგი იქნება, თუ გამოქვაბულებთან საავტომობილო გზით მისვლა გახდება შესაძლებელი, – გვითხრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ.

დანდალოელები სოფლის თავზე გადმომდგარ ციხეს „ყალედ“ მოიხსენებენ, რაბათს – „ყალივაკედ“. ეს ისტორიული ციხე სავალალო მდგომარეობაშია. ციხეზე მისასვლელი გზა ეკალ-ბარდებითა და მრავალწლიანი მცენარეებითაა დაფარული

აჭარის მთიანეთში ტაკიძეების ორი სოფელია – დანდალო და ჭვანა -ორივე თავისი ისტორიით გამორჩეულია. მათ ტერიტორიებზე არსებული ციხეების ნაშთები ამაზე მეტყველებს. დანდალოს ციხის თაობაზე არსებული თქმულებები მხატვრულად გააცოცხლეს საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრმა თამაზ აბულაძემ და პოეტმა გურამ არძენაძემ. დღეს ციხეს დროული მიშველება სჭირდება.

ქედის რაიონის საღორეთისა და ზენდიდის მკვიდრების სიამაყეა ამ სოფლების ტერიტორიაზე არსებული ციხეების ნაშთები, რომელიც მიხედვას საჭიროებს.

საშურ და საშვილიშვილო საქმეებს აკეთებს სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი. მისი ლოცვა-კურთხევითა და სათანადო სამსახურების მხარდაჭერით, არქეოლოგიური ექსპედიციები მოეწყო წაბლანის, დარჩიძეების, ჯაბნიძეების ნაეკლესიარებზე და მნიშვნელოვანი ექსპონატებიც აღმოაჩინეს. მიმდინარეობს კალოთის ეკლესიის ნაშთების რესტავრაცია. 20 წლის წინ სხალთის ეკლესიის ირგვლივ არსებული ტერიტორია უსახურად გამოიყურებოდა. ახლა აქაურობა, მომლოცველებთან ერთად, ვიზიტიორებსაც იზიდავს.

ქართველებს უხსოვარი დროიდან მტერი მრავლად გვყავდა. საუბედუროდ, მოშურნე არც ახლა გვაკლია. მოყვასის გასახარად, მტრის თვალის დასავსებად, წარსული დიდების ნაშთებს უფრო მეტად უნდა ვუპატრონოთ. ეს ჩვენი ისტორიაა.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • ივნისი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *