19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
შალვა პაპუაშვილი: არჩევნების შედეგებზე მოსახლეობის ნება არის ასახული
By

შალვა პაპუაშვილი: არჩევნების შედეგებზე მოსახლეობის ნება არის ასახული

„ეუთოს გენერალური მდივნის განცხადებამ წერტილი დაუსვა ბრიუსელის და ზოგიერთი ელჩის მცდელობებს, ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას. საპარლამენტო არჩევნებიდან გავიდა რამდენიმე თვე და ეუთოს ასამბლეაზე გენერალურ მდივანს მოუწია პირდაპირ განცხადება, რომ არჩევნების შედეგებზე მოსახლეობის ნება არის ასახული“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით: „ზოგადად, მნიშვნელოვანი იყო ეუთოს ასამბლეა. მოსახლეობამ ნახა, მათ შორის, ეუთოს გენერალური მდივნის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებები, რომელთაც წერტილი დაუსვეს ყველანაირი სპეკულაციის მცდელობას საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ როცა ვსაუბრობთ არჩევნების შეფასებაზე, უნდა გავიხსენოთ ერთი რამ, არჩევნებამდე ყველა, მათ შორის, ბრიუსელის და ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა მათთვის გადამწყვეტი. დაიდო დასკვნა, ითქვა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ხალხს; არჩევნების შედეგები ასახავს მოსახლეობის ნებას. ყველამ იმავე მომენტში გვერდით გასწია ეუთო/ოდირი და დაიწყეს საკუთარი მოსაზრებების ტირაჟირება. გავიდა რამდენიმე თვე და გენერალურ მდივანს მოუწია პირდაპირ განცხადება ასამბლეაზე, რომ არჩევნები ჩატარდა და მოსახლეობის ნება ასახულია ამ შედეგში. ასე რომ, წერტილი დაუსვა ბრიუსელის, საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ელჩის მცდელობებს, ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას. ასე რომ, ხომ უნდოდათ ეუთო/ოდირი, აგერ ეუთო, აგერ ეუთოს გენერალური მდივნის განცხადება, რომელმაც ცალსახად წერტილი დაუსვა ყველა სპეკულაციას. ჩვენ ამ მომენტებში გვახსენდება ევროპარლამენტის ცრუ რეზოლუცია არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა მინისტრის თუ პარლამენტების განცხადებები, რომლებიც პოლიტიკურ ანგაჟირებაში ერთი განმარტებით ამხილა ეუთოს გენერალურმა მდივანმა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: ეუთოს გენერალურმა მდივანმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა: „საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, რომელსაც ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს, ოდირის ანგარიშში ცალსახად წერია, რომ, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, მისი შედეგები ამომრჩეველთა ნებას ასახავდა“.

  • No Comments
  • ივლისი 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *