19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
გიორგი ვოლსკი: პოლიტიკური დაჯგუფებები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ეუთო/ოდირს კი ჰქონდა აბსოლუტურად სხვა დასკვნა
By

გიორგი ვოლსკი: პოლიტიკური დაჯგუფებები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ეუთო/ოდირს კი ჰქონდა აბსოლუტურად სხვა დასკვნა

„ექსტრემისტებად ქცეული პოლიტიკური დაჯგუფებები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ეუთო/ოდირს კი ჰქონდა აბსოლუტურად სხვა დასკვნა ამასთან დაკავშირებით და ეს დასკვნა არის გადაგდებული სანაგვეში“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„არის ისეთი ბულინგი, შეტევა ამ ეუთოზე, ოდირზე, საერთაშორისო დამკვირვებლებზე, რაც არავის უნახავს, პრეცედენტი არ ყოფილა ევროპაში ასეთი შეტევისა ამ ორგანიზაციაზე, რომელმაც გაბედა და თქვა ამ მიმდინარე ტრენდის საპირისპიროდ, რომ არჩევნები საქართველოში სამართლიანად და მაღალი ხარისხის ორგანიზებით ჩატარდა. წარმოიდგინეთ, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელს ჩამოსვლის უფლება არ მისცეს საქართველოში, რომ ეს არ ყოფილიყო როგორღაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხარდაჭერა. არ დაუშვეს მისი ჩამოსვლა. იყო დახურული შეხვედრა ოდირის წარმომადგენლის ბრიუსელში ევროკავშირის ელჩებთან და არანაირი ინფორმაცია იქიდან არ გამოიტანეს გარეთ.  სულ ახლახან გამოვიდა შვეიცარიელი დამკვირვებელი და თქვა, რომ იგი მონაწილეობდა დაკვირვებაში, არჩევნების შემდეგ დასხდნენ და ყველამ ერთად თქვეს, რომ არჩევნები არის მაღალ დონეზე ჩატარებული, მიუხედავად გარკვეული გადახრებისა. არჩევნების შემდეგ ჩვენ ვიხილეთ უშველებელი ხაზი მთელი რიგი ექსპერტების, ოფიციალური პირების, ეუთოსი, ოდირის, რომლებიც რიგრიგობით ამბობდნენ და ახსენებდნენ – საქართველოს არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება და შემდეგ იყო ტექსტი შენიშვნების თუ შექების და ამ ვითარებაში როგორ უნდა დავუშვათ ჩვენ, რომ ამ ბულინგმა მიზანს არ მიაღწია? ეს ჩემი პირადი აზრია, მაგრამ გარდა ამისა, ხომ არსებობს საერთო, რაც გუნდში გავაანალიზეთ და ვთქვით, როგორ შეიძლება, რომ ამ ვითარებაში ორგანიზაცია, რომლის დასკვნაც სრულად იგნორირებულია და მოხდა ასეთი უპრეცედენტო, სკანდალური შეტევა ამ ორგანიზაციაზე, მით უმეტეს, ამაზე სერიოზული პრეტენზია არც გამოუცხადებია, გადაყლაპა და როგორ უნდა ვიფიქრო, რომ ეს ორგანიზაცია ჩამოდის, რათა სამართლიანი შეფასებები მისცეს პროცესს?“ – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ოპოზიციამ პარლამენტში საკმაო მანდატები მოიპოვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პარლამენტში არ შევიდნენ, რაზეც უკვე ეუთოს გენერალური მდივანი, რომელიც სხვა კატეგორიაა, აკეთებს განცხადებას, რომ პარლამენტში გვქონდეს ამხელა წარმომადგენლობა და ამას არ იყენებდე, ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი ხალხს“.  როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-პიკერმა აღნიშნა, არსებობს ცივსისხლიანი გეგმა, რომ ამ მსოფლიო დაპირისპირებაში, რომლის პროექცირება ხდება საქართველოში, რომელიც პატარა სეგმენტია გლობალურ დაპირისპირებაში, საქართველომ და ზოგადად, სამხრეთ კავკასიამ, აბსოლუტურად სხვა როლი უნდა ითამაშოს.

„უკვე არც მალავენ, ბალტიისპირელი ლიდერები გამოდიან, სხვა ევროპელები, სამხედროები, ექსპერტები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და ამბობენ, რომ ევროპის მიმართულებით აგრესია უნდა შეჩერდეს და რუსეთის ძალები უნდა იქნეს დივერსიფიცირებული, სამხრეთ კავკასია, შავი ზღვის რეგიონი, და ყველა მინიშნება ამასთან დაკავშირებით, სახეზეა, ზედაპირზე დევს. ადრე ეს დამალული იყო. ვის აღელვებს, საქართველო იქნება, არ იქნება, დაინგრევა ეკონომიკურად, ფიზიკურად? ვის აღელვებს ის, რომ ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და სამხედრო ობიექტია არა ერთი და ორი, არამედ ათეულობით? აგერ არის, ჩვენს ყურის ძირში და სარაკეტო კომპლექსები დგას. ვის აღელვებს ის თემა, რომ შვიდას მეტრში დგას საოკუპაციო ძალა, რომელსაც შეუძლია, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც საქართველოს ნგრევას გამოიწვევს? პასუხი გამაოგნებელია. არავის არ აინტერესებს და პირიქით, თუ ეს მოხდება, სწორედ ეს იქნება გეგმის რეალიზაცია. ყველაფერი გასაგებია, უკრაინაზე თქვა ფონ დერ ლაიენმა, მე არ მომიგონია და არც ვინმეს მოუგონია, რომ უკრაინა ეწირება, უკრაინა სისხლს ღვრის, უკრაინელები კვდებიან ევროკავშირისთვის. თქვეს, რომ უბედურ დღეშია ჩავარდნილი, მაგრამ, სამაგიეროდ, კანდიდატის სტატუსი მივეცითო. ეს ხომ ჩემი სიტყვები არ არის? შეიძლება, ემოციურად ვამბობ, მაგრამ საკმაოდ ცივსისხლიანად ითქვა ეს“, -განაცხადა ვოლსკიმ.

  • No Comments
  • ივლისი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *