19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
„ზურგის ქარი“ „ქართული ლიგის“ წლევანდელი სეზონის გამარჯვებულია
By

„ზურგის ქარი“ „ქართული ლიგის“ წლევანდელი სეზონის გამარჯვებულია

 

სატელევიზიო იუმორისტული კონკურსის „ ქართული ლიგის“ წლევანდელი სეზონის გამარჯვებული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „ზურგის ქარი“ გახდა.
მათი განსხვავებული იუმორი ჟიურისთვის ძალიან საინტერესო და სასაცილო აღმოჩნდა, ამიტომ გამარჯვებამაც არ დააყოვნა.
აღსანიშნავია, რომ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფორმატის მქონე კონკურსში აჭარის უმაღლესი სასწავლებლები ყოველწლიურად მონაწილეობენ და წარმატებებსაც აღწევენ.

კონკურსში გამარჯვების ემოციებზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მახარაძე გვესაუბრა.

– პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ლიგის“ ჟიურის წევრებს, რომლებმაც ჩვენთვის მაქსიმალური ქულები არ დაიშურეს და ჩემპიონობა გვარგუნეს. ამ კონკურსში გამარჯვება ჩვენთვის უდიდესი სიხარული და დაუვიწყარი შეგრძნებებია. სიმართლე გითხრათ, ისეთი ძლიერი გუნდები იყვნენ ჩვენი კონკურენტები, გამარჯვებას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, ყველაფერი დროთა განმავლობაში განვითარდა, რაც ძალიან სასიხარულო მოულოდნელობას წარმოადგენდა. ვფიქრობ, გამარჯვებაში ძალიან დაგვეხმარა გუნდური გარემო, „ქართული ლიგის“ ოჯახის წევრების გვერდში დგომა და დიდი მონდომება.

ჩვენი გუნდის თამაშს დადებითად შევაფასებ, მაგრამ ამავდროულად, ვთვლი, რომ უკეთესისთვის სწრაფვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება, რაც მომავალი წარმატებებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

მოუთმენლად ველოდებით ახალ სეზონს, რომ კვლავ მივიღოთ კონკურსში მონაწილეობა და ჩვენი მაყურებელი გავახაროთ.
აუცილებლად უნდა ვახსენო ბსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა და მადლობა გადავუხადო გვერდით დგომისთვის, რადგან მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩვენს წარმატებაში,

ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც ჩვენი „ქართულ ლიგაზე“ მონაწილეობის სურვილი რეალობად აქციეს, – გვითხრა ირაკლი მახარაძემ.

ბექა ფუტკარაძე, ბსუ-ის თვითმმართველობის წევრი: – „ზურგის ქარი“ წელს „ქართულ ლიგაზე“ დებიუტანტი გუნდი იყო და მათი გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია. ამ გუნდმა პირველივე გამოსვლიდან ყველას კეთილგანწყობა დაიმსახურა, რაც სცენარისტების დამსახურებაცაა, რადგან გუნდს ძალიან დაეხმარნენ და დიდი დრო, ენერგია დახარჯეს, რომ „ზურგის ქარი“ ფინალამდე მისულიყო.

გუნდის წევრებს დადებითად შევაფასებ, ძალიან მონდომებულები და სამაგალითოები არიან. ყველას აქვს გამარჯვების შანსი, მაგრამ დებიუტანტმა გუნდმა გაიმარჯვოს, ძალიან იშვიათობაა. სიმართლე გითხრათ, ყველა თამაშის შემდეგ ვფიქრობდი, რომ „ზურგის ქარი“ გაიმარჯვებდა, მათ გამოსვლებს ვესწრებოდი და ვხედავდი, როგორ დადებითად განაწყობდნენ როგორც ჟიურის, ისე მაყურებლებს.

თვითმმართველობა ყოველთვის გვერდით ვუდგავართ ასეთ მონდომებულ ახალგაზრდებს. ჩვენ იმისთვის ვართ, რომ სტუდენტებს ყველაფერში დავეხმაროთ, ვზრუნავთ მათ კეთილდღეობაზე სოციალურად, ფინანსურად თუ საგანმანათლებლო კუთხით. სტუდენტებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ჩვენი იმედი.

აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო თვითმმართველობის თითოეულ წევრს, ვიცე-პრეზიდენტებს, თავმჯდომარეებს და ყველას, ვინც სტუდენტების მხარეს დგას, „ზურგის ქარს“ კი მომავალ სეზონზე წარმატებას ვუსურვებ, მჯერა, კვლავ გაგვახარებს.

თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • ივლისი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *