სალომე ზურაბიშვილი – დღეს ჩვენ ვართ მზია, მისი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა!
By

სალომე ზურაბიშვილი – დღეს ჩვენ ვართ მზია, მისი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა!

„მზია ამაღლობელი საქართველოს სიმბოლოა“ – აღნიშნული განცხადება ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი პროცესი დაიწყო, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.
„მოლოდინი მაქვს, როგორც ყოველთვის და ბოლომდე, რომ სამართალი იზეიმებს, თუმცა ამის საფუძველი არავის მოუცია ჩვენთვის. მთავარი არის ის, რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ, თუ დღეს დადგა განაჩენი, ეს იქნება განაჩენი არა მზიასი, არამედ ეს იქნება განაჩენი ყველა იმ ადამიანის, რომელიც მონაწილეობს უსამართლობაში, მონაწილეობდა პირველივე დღიდან და პასუხისმგებელი იქნება მთელი ქვეყნის და ისტორიის წინაშე, რაც დღეს გადაწყდება. ეს ცხადია, რომ მედიის მიმართ მიზანმიმართული ქმედებაა, მაგრამ ამავე დროს, ეს არის ქვეყნის მიმართ. მზია არის სიმბოლო საქართველოსი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი პროცესი იმართება. პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მედიამენეჯერის მხარდამჭერები იკრიბებიან და საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილებს შორის არიან აქციების დროს დაპატიმრებული ახალგაზრდების მშობლები ტრანსფარანტებით „თავისუფლება მზიას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“. მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელი ბათუმში, 11 იანვარს, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რასაც პოლიციელზე თავდასხმის კვალიფიკაცია მიეცა.

 

  • No Comments
  • აგვისტო 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *