
მიხეილ ყაველაშვილი – რუსეთი რომ ოკუპანტია, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შინდისის გმირების მემორიალთან მედიისთვის კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთი ოკუპანტია და „ქართულ ოცნებას“ რუსეთის საქციელი არასდროს გაუმართლებია.
„ჩვენ დავამარცხეთ ისინი ყველა სადავო საკითხში. რუსეთი რომ ოკუპანტია, რუსეთმა რომ ჩაიდინა დანაშაული და გენოციდი მოუწყო საქართველოს, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ, ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ. შეიძლება, ნებსით თუ უნებლიეთ, შეიძლება, გამიზნულად ჩვენ ვერ დავიცავით, ჩვენ ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც შეეფერება საქართველოს ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ჩვენს წინამორბედებზე, მაშინდელ ხელისუფლებაზე, რომ გაურკვეველი კითხვები დატოვეს, თუ რატომ მოიქცნენ ასე“, – განაცხადა ყაველაშვილმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, კითხვები აქვს მთელ საქართველოს, რატომ მოაწერა ხელი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეზოლუციას, რატომ არ გააფრთხილეს ჩვენი საზოგადოება, რომ რუსეთი 7 აგვისტოს უკვე შემოჭრილი იყო.
„ეს კითხვები არსებობს მაშინდელი ხელისუფლების მიმართ. ჩვენმა ხელისუფლებამ რომ დაიწყოს საომარი მოქმედებები, ეს გაამართლებს იმას, რომ რუსეთს გეგმა აქვს? რუსეთის ქმედება ყველასთვის ნათელია, მათ ჩაიდინეს დანაშაული საქართველოს წინაშე. ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები და საპასუხოდ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. აქ კითხვის ნიშანი რუსეთის ქმედებაზე არ არსებობს. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ლეგიტიმური კითხვა საქართველოს წინა ხელისუფლებასთან. რუსეთის დანაშაულზე კითხვები არ არსებობს, რუსეთმა ჩაიდინა დანაშაული, ეს ფაქტია“,- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.