
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკაში, ანკორიჯის სამხედრო ბაზაზე გაიმართება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეხვედრას ალასკაში, ანკორიჯის სამხედრო ბაზაზე გამართავენ.
„სიენენის“ ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული. როგორც მედია წერს, თეთრი სახლის წყაროების თანახმად, ერთადერთი ადგილი, რომელსაც შეუძლია „ამ ისტორიული მოვლენისთვის საჭირო უსაფრთხოების დონის უზრუნველყოფა“, არის ელმენდორფ-რიჩარდსონის გაერთიანებული სამხედრო ბაზა ანკორიჯის ჩრდილოეთ ნაწილში. მედიის ცნობით, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2023 წელს ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გაცემულმა დაპატიმრების ორდერმა მნიშვნელოვნად შეზღუდა შეხვედრის შესაძლო ადგილები. ამის გამო, რუსეთმა უარი თქვა ევროპულ ვარიანტებზე, მათ შორის, ვენასა და ჟენევაზეც. თეთრი სახლის წყაროების თქმით, საბოლოო არჩევანი ალასკასა და უნგრეთს შორის იყო. საბოლოოდ, პუტინი „მოულოდნელად დათანხმდა შეხვედრას ამერიკის ტერიტორიაზე, იმ მიწაზე, რომელიც რუსეთის ნაწილი იყო“.