
წყალმომარაგება – უწყვეტ რეჟიმში
ხულოს რაიონის ცენტრსა და სოფლებში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
დაბა ხულოში, პროექტის ფარგლებში, 400 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარის არმირების სამუშაოები უკვე დაიწყო. ასევე გათვალისწინებულია მცირე ზომის რეზერვუარის რეაბილიტაცია და არსებული 250 მ³ მოცულობის რეზერვუარის მოცულობის გაზრდა. სოფელ თხილაძირსა და დეკანაშვილებში 200 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარი შენდება. პარალელურად, სოფელ ოქრუაშვილებსა და დუაძეებში წყალმომარაგების ქსელების მოწყობა დაწყებულია.
„აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები ხულოს მუნიციპალიტეტის 11 სოფელსა და დაბა ხულოს მოიცავს. პროექტი წყალმომარაგების სათავე ნაგებობების, მაგისტრალური მილსადენების, რეზერვუარების, გამწმენდი ნაგებობებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობას ითვალისწინებს. ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურით 2 271 ოჯახი ისარგებლებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხულოს მუნიციპალიტეტის 11 სოფლისა და დაბა ხულოს მოსახლეობას, სასიცოცხლო და სხვა ობიექტებს, უწყვეტი წყალმომარაგება და გამართული წყალარინების სისტემა ექნებათ.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა
