
ქედაში, შუახევსა და ხულოში მერობის კანდიდატები წარადგინეს
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა ქედაში, შუახევსა და ხულოში ადგილობრივ მხარდამჭერებს ამ მუნიციპალიტეტებში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატები მამუკა თურმანიძე, ომარ ტაკიძე და ვახტანგ ბერიძე წარუდგინა. მან დადებითად დაახასიათა მერობის კანდიდატები. აღნიშნა, რომ მამუკა თურმანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოში არჩეულია ქედელთა დელეგატად. იგი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი პიროვნებაა, რომელსაც რიგ საპასუხისმგებლო სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის აქტიურად იყო ჩართული როგორც ქედის, ასევე რეგიონის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული პროექტების რეალიზაციაში. მერობის კანდიდატის შესახებ ისაუბრა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ. მამუკა თურმანიძემ დიდი ნდობისთვის მადლობა გადაიხადა.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ომარ ტაკიძე ამ მუნიციპალიტეტის მოქმედი მერია. იგი მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ბიზნესიდან მოვიდა. 3 წელი ამ პოზიციაზე იმუშავა, ერთი წლის განმავლობაში მერის მოვალეობას ასრულებდა, 4 წელია არჩეული მერია. ბატონმა სულხანმა მისი მუშაობა დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, ენერგიულად გააგრძელებს იმ პროექტებისა და პროგრამების რეალიზაციას, რაც შუახევშია დაწყებული. მერობის კანდიდატი დადებითად დაახასიათა ბატონმა დავით გაბაიძემ. შუახევში ისიც გახმიანდა, რომ საკრებულოში დეპუტატობის კანდიდატთა პროპორციული სიის სათავეში იაგო დავითაძე იქნება.
ომარ ტაკიძემ დიდი ნდობის პასუხად მადლობა გადაიხადა.
ხულოს მუნიციპალიტეტში პარტია „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატი აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე, ხულოს ყოფილი მერი ვახტანგ ბერიძე იქნება. მისი მერობის კანდიდატად წარდგენისას ბატონმა სულხან თამაზაშვილმა ისაუბრა იმ დიდ დამსახურებაზე, რაც ვახტანგ ბერიძეს მშობლიური რაიონის მოსახლეობის წინაშე აქვს. იგი 6 წლის განმავლობაში იყო მუნიციპალიტეტის პირველი პირი და მრავალი პროექტი და პროგრამა განახორციელა
– დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით ის მაქსიმუმს გააკეთებს ხულოს განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის,- თქვა ბატონმა სულხანმა.
წარდგინებაზე სიტყვით გამოვიდა ბატონი დავით გაბაიძე.
ვახტანგ ბერიძემ განაცხადა, რომ ამ დიდ ნდობას ენერგიული მუშაობით გაამართლებს.
ქედაში, შუახევსა და ხულოში მერობის კანდიდატების წარდგენას საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრები, პარტიის აქტივისტები ესწრებოდნენ.
ოთარ ცინარიძე