
ტრადიციული სახალხო დღესასწაულის ფინალი – ზოტიყელში
მთა ზოტიყელში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ზოტიყელობა“ 2000 წლიდან მოყოლებული იმართება. მისი წამოწყების ინიციატორები აწ გარდაცვლილები – ხულოს რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ ვანაძე და ღორჯომის თემის მაშინდელი რწმუნებული თამაზ ირემაძე იყვნენ. წელს ეს ზეიმი 9 აგვისტოს უნდა გამართულიყო, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო, ერთი კვირით გადავადდა.
მერჩხეთელი იოსებ ბერიძე ერთ-ერთია, რომელმაც კარგად იცის ამ მთის ისტორია და ყველა „ზოტიყელობის“ მონაწილეა. მისი ოჯახი მრავალი სტუმრის მასპინძელია. ასე იყო წელსაც. შარშან, როცა ზეიმის მონაწილე სტუმრებს მასპინძლობდა, მისი შვილი ვახტანგ ბერიძე ხულოს მუნიციპალიტეტის მერი იყო, შემდეგ – აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატობის კანტიდატი. ხულოელი ამომრჩევლის მხარდაჭერით, ამ ორგანოში აირჩიეს და თითქმის ერთი წლის განმავლობაში აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. „ზოტიყელობამდე“ ორი დღით ადრე, მმართველმა პარტიამ -„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – ვახტანგ ბერიძე ისევ ხულოს მერობის კანდიდატად წარადგინა. იგი საპატიო სტუმრებს მიესალმა, რომელთა შორის იყვნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის წევრები, კურორტ ბახმაროში მყოფი დამსვენებლები, ადგილობრივი და მეზობელი მთებიდან მოსული მემთეურები.
მისალოც სიტყვაში ბატონმა სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა: „მთავრობის გეგმა მიმართულია მთიანი აჭარის განვითარებისკენ, ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. მიხარია, რომ თქვენთან ერთად ზოტიყელის მთაში ვზეიმობ „შუამთობის“ დღესასწაულს. უმნიშვნელოვანესია, შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, ეს დღე კი ამის ნათელი მაგალითია. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გპირდებით, რომ მთის ხალხს, მთიანი აჭარის მოსახლეობას, ჩემი მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ. უმნიშვნელოვანესია, მთაში შენარჩუნდეს მოსახლეობა. სწორედ ამიტომ, ჩვენი გეგმები მიმართულია მთიანი აჭარის განვითარებისკენ, ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. გულწრფელად ვაფასებ თქვენს თავდაუზოგავ შრომას. თქვენი როლი რეგიონის განვითარებაში განსაკუთრებულია“.
ზეიმის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე.
მოზეიმეებისთვის მოწყობილი იყო საგამოფენო და შემეცნებით-გასართობი სივრცეები.
ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
„ზოტიყელობის“ მთავარი მახასიათებელი ცალკეულ დისტანციებზე დოღი და სხვა სპორტული ღონისძიებებია, რომლებიც 8 აგვისტოს გაიმართა. გამარჯვებულებიც დაჯილდოვდნენ.
იყო წლები, როცა 10 და მეტი ახლად დანიშნული წყვილი ზოტიყელის მთაში ამოდიოდა და ქორწილსაც იხდიდა, ამგვარ – ერთად მოლხენას ადგილობრივები მემხლიანობას უწოდებდნენ. მემხლიანობა მესაქონლე-მიწათმოქმედთა უძველესი ხალხური დღესასწაულის, „შუამთობის“ ძველი სახელწოდება იყო, რომელიც მთიან აჭარაში ალპურ საძოვრებზე მესაქონლეების ყოფნის შუა პერიოდში ტარდებოდა. როცა ბარში შედარებით მოიცლიდნენ, სამუშაოებს მოათავებდნენ, მაშინ ქალი და კაცი გუნდ-გუნდად მთებში, აგარაკებზე სამემხლიანოდ მიემგზავრებოდნენ, თან დამკვრელები, მოცეკვავეები და მომღერლები მიჰყავდათ.
მემხლიანობა დაახლოებით 1-20 აგვისტომდე გრძელდებოდა. მთაში ასული ხალხი მაღალ გორაზე გროვდებოდა, კოცონებს ანთებდნენ, მთვარის ქვეშ გათენებამდე ცეკვავდნენ, მღეროდნენ, უკრავდნენ და სხვადასხვა თამაშს აწყობდნენ. შემდეგ ცხვარსა და დეკეულს დაკლავდნენ და ნათესავ-მეგობრებს მიიწვევდნენ. აჭარაში გავრცელებული მემხლიანობა წმიდა გიორგის სახეშეცვლილი დღესასწაული უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთი მელექსე ბარიდან სამემხლიანოდ დაძრულ ხალხზე ასე მღეროდა: „ჯავახეთის კორდიანო, მენხლიანი მოდიანო, ალმური კოხტა ქალები გარეთ არ გამოდიანო“.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა


