
ნინო ცხვარაძე – თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდი დამაჯერებლად გაიმარჯვებს
როგორც უკვე იცით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელომ“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე დაასახელა.
აღნიშნულ საკითხს გამოხმაურება მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ირაკლი კუპრაძის კანდიდატურასა და ზოგადად, საარჩევნო გარემოს აფასებენ პარტია „ხალხის ძალაშიც“. „ხალხის ძალისა“ და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნინო ცხვარაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდი დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მმართველმა გუნდმა საქართველოს მასშტაბით მერობის კანდიდატები წარადგინა. პროფესიონალი კადრები გამარჯვების მოსაპოვებლად საარჩევნო მარათონში უკვე ჩაერთო და გამარჯვებაც გარდაუვალია. ზოგადი საარჩევნო გარემო, ამ ეტაპზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის მშვიდი. რადიკალურმა ოპოზიციამ, პატრონების დაკვეთით, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. არ მივესალმები ამ ფაქტს, თუმცა მათ წინასწარ გათვალეს მოსალოდნელი შედეგი და კიდევ ერთხელ დამარცხებას, არჩევნებს მიღმა დარჩენა ამჯობინეს. ბუნებრივია, რას იზამდა ოპოზიცია, მათი გადასაწყვეტი იყო და ნაკლებად საინტერესოა ჩემთვის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, თუმცა, ცხადია, მათი ერთობა ვერ შედგა. ნაწილი ქუჩაში დარჩა და ეცდება, დესტრუქცია კვლავაც ქუჩიდან გააგრძელოს, თუმცა მოსახლეობის გარეთ გამოყვანა რომ ვერ მოახერხეს, ამან გვაჩვენა ქართველი ამომრჩევლს გონიერება და ის, რომ ქვეყანაში სურთ მშვიდობა და სტაბილურობა. რაც შეეხება ოპოზიციის მეორე ნაწილს, პრინციპში „ლელო-გახარიას“ ტანდემიც ნაცმოძრაობის ერთი საცეცია, რომელიც ცდილობს, ადგილობრივ თვითმმართველობებში რამდენიმე კაცით მაინც შევიდნენ და მათთვის ჩვეული სტილით იმოქმედონ. საზოგადოება იმასაც ხედავს, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც გაერთიანდა, ვერ თანხმდება საერთო კანდიდატებზე. თბილისის შემთხვევაში, როგორც იქნა, კონსესუსამდე მივიდნენ, თუმცა რეგიონებში ჯერაც არ წარუდგენიათ თითო-ოროლა ამომრჩევლისთვის ადამიანები, რომლებიც მმართველ გუნდს კონკურენციას გაუწევენ.
ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობა ის ორგანოა, სადაც სწორედ ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების გადაჭრაზე უნდა მუშაობდეს მერია და საკრებულო. მე ვერ ვიხსენებ შემთხვევას, ოპოზიციის წარმომადგენლები მოსულიყვნენ საკრებულოს სხდომაზე და ემსჯელათ ქალაქის და მოსახლეობის პრობლემებზე. ისინი მოდიოდნენ საკრებულოს სდომებზე, გლობალურ პოლიტიკაზე აკეთებდნენ განცხადებებს, დაკავებულნი იყვნენ ლანძღვა-გინებით, ბულინგით, შოუების მოწყობით და არც ერთხელ არ ჰქონიათ შენიშვნა ან წინადადება ბიუჯეტის ირგვლივ. პრინციპში, ქალაქის ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება, ქალაქზე და მოსახლეობაზეა მორგებული და სათქმელიც არაფერი ჰქონდათ, მაგრამ, ვფიქრობ, გაზრდილ ბიუჯეტს, სადაც ყველა მიმართულებით იზრდება დაფინანსება, დანაშაული, მხარი არ დაუჭირო. დიახ, დანაშაულია, ბიუჯეტს, სადაც ასახულია ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების ზრდა, რითაც სარგებლობენ თანაქალაქელები, შენ მხარს არ უჭერ, ცხადია, არც მათი პრობლემები გაინტერესებს. გლობალური პოლიტიკური პროცესების სამართავად და განცხადებების გასაკეთებლად არსებობს საქართველოს პარლამენტი და არა საკრებულო.
ოქტომბრამდე დიდი დროც არ რჩება, თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდი დამაჯერებლად გაიმარჯვებს!“ – გვითხრა ნინო ცხვარაძემ.