
ბათუმი ბილიარდში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობდა
ბათუმში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი ბილიარდში – თავისუფალ პირამიდაში მამაკაცთა და ქალთა შორის და ევროტური სენიორთა შორის კლასიკური პირამიდის დისციპლინაში.
შეჯიბრებები საქართველოს ბილიარდის ფედერაციის, სპორტის სამინისტროს, აჭარის მთავრობისა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის თანამშრომლობით ჩატარდა. ტურნირში 16 ქვეყნის 124 სპორტსმენი მონაწილეობდა. თავისუფალ პირამიდაში როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა შორის, უკრაინელებმა გაიმარჯვეს, სენიორთა შორის კი საპრიზო ადგილებზე ორი ქართველი – პაატა ხმალაძე და მიხეილ კილაძე გავიდა.
ორგანიზატორების განცხადებით, საქართველომ, კერძოდ აჭარამ, წარმატებით უმასპინძლა ამ პრესტიჟულ საერთაშორისო ჩემპიონატებს, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მზაობა უმაღლესი დონის სპორტული ღონისძიებების მიღებისთვის.