
„ტბელობა – 2025“
1979 წელს დაფუძნებული დღესასწაული „ტბელობა“ 25-ზე მეტი წლის განმავლობაში სახალხო ზეიმად ითვლებოდა და მეტწილად, ოქტომბერში იმართებოდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის კრებაზე მეცამეტე საუკუნის დიდი ჰიმნოგრაფი, ეკლესიათა მშენებელი და საეკლესიო მოღვაწე აბუსერისძე ტბელი წმინდანად შერაცხეს, დღესასწაულმა სახალხო და საღვთო დანიშნულება შეიძინა.
ზეიმი უმეტესად, ხიხაძირსა და თხილვანაში იმართებოდა, ორჯერ ხიჭაურშიც გაიმართა, სადაც საპატრიარქოს სასწავლო უნივერსიტეტია. რამდენიმე წელია, დღესასწაული ისევ სოფელ ხიხაძირს დაუბრუნდა და აბუსერისძე ტბელის ხსენების დღეს – 17 (30) აგვისტოს იმართება.
შეკრებილებს მიესალმნენ და „ტბელობა“ მიულოცეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ჯამბულატ მელაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბერიძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ. მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს წმინდანის დიდ ღვაწლზე.
ისტორიული წყაროებით, აბუსერისძე ტბელი 1190 წელს დაიბადა და 1240 წელს გარდაიცვალა. იგი იყო ცნობილი მწერალი და ასტრონომი, რომლის კალამს ეკუთვნის რელიგიურ-ისტორიული თხზულება: „სასწაულნი წმიდისა… გიორგისნი და ანდერძნი…მთქუელისანი“. ვრცელი ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატი „ქორონიკონო სრული მისითა საუწყებელითა“, მასვე უნდა ეკუთვნოდეს „გალობანი სამთა იოანეთა: ნათლისცემისა, მახარებლისა და ოქროპირისა“. მასვე შეუდგენია ასტრონომიულ-კალენდარული ნაშრომი, რომელიც 1223 წლით თარიღდება. მისი ძალისხმევით აშენდა ხიხანის, სხალთის, ვერნების, კალოთის ეკლესიები. ხიხანის ეკლესიაში დასვენებული ყოფილა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დედას ტბელისთვის ანდერძით დაუტოვებია…
ზეიმზე შეკრებილებს პარლამენტარმა ანზორ ბოლქვაძემ აუწყა, რომ მოქანდაკე დავით ბოლქვაძე და არქიტექტორი ოთარ შავაძე ტბელის ძეგლზე მუშაობენ, რომელიც დაბა ხულოს ცენტრში დაიდგმება და იქვე პარკი მოეწყობა.
ხულოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ დააწესა აბუსერისძე ტბელის მუნიციპალური პრემია, რომელიც იმ პიროვნებებზე გაიცემა, რომლებსაც ღირსეული წვლილი აქვთ შეტანილი საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარებაში, ტბელის როლის წარმოჩენასა და ისტორიულ კვლევა-ძიებაში. ხულოს მერიის გადაწყვეტილებით, ჯამბულატ მელაძემ პრემიის დამადასტურებელი დიპლომები გადასცა სოფელ კალოთის მკვიდრს, აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ხულოს მუნიციპალიტეტის ყოფილ მერ ბესიკ ბაუჩაძეს, მოქანდაკე დავით ბოლქვაძეს. „საპატიო ხულოელის“ წოდება მიანიჭეს ორ წარმატებულ ბიზნესმენს – თენგიზ ქოქოლაძესა და თენგიზ ბაკურიძეს საქველმოქმედო საქმიანობისთვის.
– მუნიციპალური პრემია მივიღე მრავალწლიანი, ნაყოფიერი შრომისთვის. ეს აღიარება მავალდებულებს, მეტი ენერგიით, შესაძლებლობის მაქსიმალური მობილიზებით გავაგრძელო მუშაობა,- გვითხრა ბესიკ ბაუჩაძემ.
– ხულოში არ დავბადებულვარ, მაგრამ მთიანი აჭარის ამ რაიონის მოსახლეობას დიდად ვაფასებ, ბევრი მაქვს გაკეთებული მათთვის. „საპატიო ხულოელის“ წოდებაც ამის დასტურია, რაც ჩემთვის დიდი პატივია. საზოგადოება თითოეული ჩვენგანისგან მეტს მოელის. გპირდებით, რომ კვლავ გავაგრძელებ საქველმოქმედო საქმიანობას, – გვითხრა თენგიზ ქოქოლაძემ.
ზეიმზე სხალთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ნანა ვახტანგურმა ამირან ხაბაზის ლექსი „ტბელი“ წაიკითხა, ხულოს კულტურის ცენტრთან, სახელოვნებო სკოლასთან, სხალთის, ვერნების, ხიხაძირის სასოფლო კულტურის სახლებთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა: ,,ბერმუხა“, ,,ხელგაშლილა“, ,,არგინეთი“, ,,ციცინათელა“, ,,სხალთა“, ,,ვერნები“, ,,ხიხაძირი“ კი ცეკვა-სიმღერით მოხიბლეს დღესასწაულის მონაწილეები.
– ნაყოფიერი გასტროლი გვქონდა პორტუგალიაში. მასპინძლები ,,ხელგაშლილას“ რეპერტუარით კმაყოფილნი დარჩნენ, დღეს კი ,,ტბელობაზე“ გამოსვლის პატივი გვერგო. პროფესორ უჩა დვალიშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული ანსამბლის წევრები ვცდილობთ, ჩვენი ხელოვნებით მაყურებლის მოწონება დავიმსახუროთ, – გვითხრა ,, ხელგაშლილას“ სოლისტმა ნინო ქარცივაძემ.
ოთარ ცინარიძე
მინაწერი: ისევ კითხვითი ნიშნის ქვეშაა რომელი ფორმაა სწორი ,,აბუსერის ძე ტბელი“ თუ ,,ტბელ აბუსერის ძე“. ეს საკითხი მრავალგზის გახდა ტბელოლოგებისა და საქართველოს ისტორიის მკვლევართა განსჯის საგანი. ერთნი ამტკიცებენ, რომ მართებულია ,,აბუსერისძე ტბელი“, მეორენი კი მართებულად ,,ტბელ აბუსერისძეს“ მიიჩნევენ. გაზეთი ,,აჭარა“ 1979 წლიდან მოყოლებული, ,,ტბელობის“ ყველა დღესასწაულს ეხმიანება და მწერალს, მეცნიერს, მოაზროვნეს, სასულიერო მოღვაწეს, ყოველთვის ,,აბუსერისძე ტბელის“ სახელით მოიხსენიებს. ასეა ამჯერადაც. თუმცა არგუმენტირებული დასკვნის მოლოდინში მაინც ვართ. სიტყვა ცნობილ მეცნიერებს ეკუთვნით.
გალერეა



