
გიორგი გახარიას პარტიის რვა წევრი შესაძლოა პარლამენტში შევიდეს
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ შესაძლებელია ბოიკოტი შეწყვეტოს. არსებული ინფორმაციით, პარტიის რვა ადგილმონაცვლე წევრმა, თამარ ხვედელიანმა, ვიკა ფილფანმა, გიგა ფარულავამ, გიორგი შარაშიძემ, მალხაზ თორიამ, გელა აბულაძემ, სალომე კობალაძემ და სოფიო ხორგუანმა, რომლებიც მანდატშეჩერებული დეპუტატების ადგილმონაცვლეები არიან, პარლამენტში შესვლის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს მიმართეს და პარლამენტს კონკრეტული დოკუმენტები გაუგზავნეს, სადაც დანართის სახით წერია, რომ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა და პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართავენ, იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
„ჩვენს კომიტეტს დაეწერა განცხადებები ამ პირთა მხრიდან, ვინც შესაბამისობის კრიტერიუმის დაცვას ახდენენ. ანუ, იმ თანამდებობებზე ამბობენ უარს, რომლებიც შეუთავსებელია პარლამენტის წევრობასთან და ასე შემდეგ. მათი მხრიდან მიმდინარეობს დოკუმენტალური მომზადების პროცესი, რათა შემობრძანდნენ პარლამენტში. გახარიამაც შეცდომად აღიარა ის ყველაფერი, რაც მათ ჩაიდინეს. ეს არის აგენტურული ოპოზიციის ხვედრი, საკუთარი გადაწყვეტილებებით არ მოქმედებენ, დავალებებს ასრულებენ და ისეთი შეცდომები მოსდით, როგორიც პარლამენტში არშემოსვლა იყო“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ საპარლამენტო ბოიკოტი არ შეუწყვეტიათ.
გალერეა
