
რუსეთმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
პოლონეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ჩამოაგდეს დრონები, რომლებმაც დაარღვიეს მათი საჰაერო სივრცე უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს.
„იარაღის განლაგება მოხდა და სამსახურები აქტიურად მუშაობენ ჩამოგდებული ობიექტების ადგილმდებარეობის დასადგენად“, – აღნიშნულია პოლონეთის ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს. პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.
პოლონური მედიის ინფორმაციით, რუსული დრონის ნარჩენები ლუბლინის სავოევოდოს სოფელ ვირიკიში ჩამოვარდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლის სახურავი და ავტომობილი დაზიანდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების განცხადებით, აფეთქების ხმა გაიგეს და პოლონეთის გამანადგურებელი თვითმფრინავები დაინახეს.
„ეს ესკალაციის ახალი ეტაპი იყო“, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.
„რუსეთი ყოველთვის ცდილობს შესაძლებლობების საზღვარს გასცდეს და თუ ძლიერ წინააღმდეგობას არ აწყდება, მაშინ ესკალაციის ახალ დონეს აღწევს. დღეს ესკალაციის ახალი ეტაპი იყო. რუსულ-ირანული „შაჰედები“ პოლონეთის, ნატოს საჰაერო სივრცეში მოქმედებდნენ. მხოლოდ ერთი „შაჰედი“ არ ყოფილა, რომ შეიძლება ამას ინციდენტი ეწოდოს, არამედ პოლონეთისკენ, სულ მცირე, 8 დრონი გაუშვეს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, „ეს ევროპისთვის უკიდურესად სახიფათო პრეცედენტს წარმოადგენს“.
„იქნება თუ არა შემდგომი ნაბიჯები მთლიანად საპასუხო რეაქციის კოორდინაციასა და სიძლიერეზეა დამოკიდებული. რუსეთმა შედეგები უნდა იგრძნოს. რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ ომის გაფართოება შეუძლებელია და იგი აუცილებლად უნდა დასრულდეს. ძლიერი პასუხია საჭირო და ეს მხოლოდ პარტნიორების, უკრაინის, პოლონეთის, აშშ-ისა და ევროპელების ერთობლივი მოქმედებით არის შესაძლებელი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
პოლონეთის საჰაერო სივრცეში უამრავი დრონი შევიდა, რომლებსაც პოლონეთისა და ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემები დახვდნენ, – ამის შესახებ ნატოს პრესსპიკერმა ალისონ ჰარტმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა და დასძინა, რომ ნატო პოლონეთის ხელმძღვანელობასთან კონტაქტზეა და მათთან მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებს.
შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. პოლონეთმა დრონების გასანეიტრალებლად ოპერაცია ჩაატარა.