
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
აჭარის მთიანეთის საჯარო, საქართველოს საპატრიარქოს ხულოსა და ხიჭაურის სკოლებში ახალი 2025-2026 სასწავლო წელი ორგანიზებულად, საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
****
საუკუნის წინ სოფელ ხიხაძირში ქართული სკოლა აღდგა. საგანმანათლებლო კერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არა მარტო სხალთა-ხიხანის ხეობის, არამედ სხვა ხეობების ახალგაზრდობის სწავლა-განათლებაში. ახალი სასწავლო წელი აქაურმა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გარემონტებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაფერის შენობაში დაიწყეს. ამისთვის აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 1,8 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, სამუშაოები შპს „მშენებელი-2017“-მა შეასრულა.
აბუსერისძე ტბელის სამკვიდროში ქართული სკოლის აღდგენის საუკუნოვანი იუბილე და ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. სოფელს ეს დღე მიულოცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა, ამ სკოლის მოსწავლე იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. მან თანასოფლელებსა და დამსწრეთ მშობლიური სკოლის საუკუნოვანი იუბილე მიულოცა. საერთო სიხარული გაიზიარეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ჯამბულატ მელაძემ, სკოლის დირექტორმა არჩილ ხალვაშმა.
პირველკლასელებს საზეიმო ვითარებაში კომპიუტერები გადასცეს.
***
ქედის მუნიციპალიტეტში 29 საჯარო სკოლაა. აქ გასულ წელთან შედარებით, მოსწავლეთა რაოდენობა მომატებულია და 1876-ს შეადგენს, რომელთაგან 136 პირველკლასელია. ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სახელმძღვანელოებით, 39 პირველკლასელი კი კომპიუტერებით. სკოლებში 557 პედაგოგი იმუშავებს. რიგი სიახლეებით შეხვდნენ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მახუნცეთელი, პირველმაისელი და ზვარელი მოსწავლეები და მათი მასწავლებლები, შეკეთდა მახუნცეთისა და პირველი მაისის სკოლების ფასადები, სპორტული დარბაზი შეკეთდა ზვარეში.
დილიდანვე ხალხმრავლობა იყო დაბა ქედის ვახტანგ პაპუნიძის სახელობის საჯარო სკოლის ეზოში. მოზეიმეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე რავშან ბეჟანიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა თურმანიძემ, სკოლის დირექტორმა თამარ აბულაძემ და სხვებმა.
***
საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელისა და შუახევის მუნიციპალიტეტის 43 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ორგანიზებულად დაიწყო. წელს სკოლებში 735 პედაგოგი იმუშავებს.
131 მოსწავლე მივიდა დაბა შუახევის საჯარო სკოლაში, რომელთაგან 14 პირველკლასელია. საზეიმო ღონისძიების მონაწილეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს სკოლის დირექტორმა მზია გოგაძემ, ვეტერანმა პედაგოგმა თეიმურაზ დავითაძემ, მე-4 კლასის მოსწავლე ნია ცეცხლაძემ და სხვებმა. სკოლის დირექტორმა პირველკლასელებს კომპიუტერები გადასცა.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე – ჭვანის, ხაბელაშვილების, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე ფურტიოს, ბუთურაულის, ნენიის საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ და შეკრებილებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
ოთარ ცინარიძე