
ირაკლი კუპრაძე: დილით და დღისით წავიდეთ არჩევნებზე და საღამოს ვიდგეთ რუსთაველზე
„კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელო“ არის წარმოდგენილი კონკრეტული გეგმით, რაც ეხება ყველა ბრძოლის ველზე წინააღმდეგობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან. ეს არის, მათ შორის, არჩევნებზე ბრძოლა და, მათ შორის, საპროტესტო აქციებით ბრძოლა, – ამის შესახებ „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
კუპრაძის თქმით, მათი მოწოდებაა, რომ მოქალაქეები დღისით წავიდნენ არჩევნებზე, საღამოს კი რუსთაველზე გავიდნენ.
„დილით და დღისით წავიდეთ არჩევნებზე და საღამოს ვიდგეთ რუსთაველზე, ისევ დავიცვათ ჩვენი უფლებები. ეს ორი გზა არათუ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არამედ აძლიერებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას, ასუსტებს ივანიშვილს და რუსულ რეჟიმს. როცა მიდიხარ, მხარს უჭერ პროდასავლურ ოპოზიციას და შემდეგ მიდიხარ რუსთაველის გამზირზე. თბილისმა უნდა გამოიყენოს ეს შანსი, მათ შორის, რაოდენობრივი უპირატესობა უნდა აჩვენოს საარჩევნო უბნებზე და, მათ შორის, რაოდენობრივი და მორალური უპირატესობა უნდა აჩვენოს რუსთაველის გამზირზე. გაყალბების პირობებშიც კი, 2024 წელს თბილისი მოიგო პროდასავლურმა ოპოზიციამ და პროდასავლურმა საზოგადოებამ. ახლა კიდევ უფრო სუსტია ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ მას უნდა დავარტყათ სწორედ იმ ნაწილში, სადაც სუსტია. ეს არის მისი უმცირესობაში ყოფნა, რადგან დღეს პროევროპელი საქართველოს მოქალაქე არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის რუსულ გეგმებში და მსახურებაში მყოფი რამდენიმე ჩინოვნიკი და საჯარო მოხელე“, – განაცხადა კუპრაძემ.