
აჭარაში სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია 27 სკოლას ჩაუტარდა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე უძღვებოდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს – ედნარ ნატარიძემ ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულების ანგარიში წარმოადგინა.
ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების შემდეგ, მომხსენებელმა განათლებისა და კულტურის მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც აღინიშნა, განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და მასთან არსებული ორგანიზაციების პროგრამული ღონისძიებებისთვის, 2025 წლის ექვს თვეში, ბიუჯეტით გამოყოფილი დაზუსტებული ასიგნებები 49 777,2 ათასი ლარითაა განსაზღვრული. უწყება ახორციელებს რიგ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს, რომლებიც ითვალისწინებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ინვენტარით აღჭურვას, საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფასა და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს.
მინისტრის განცხადებით, თანამედროვე ინდივიდუალური მერხებითა და სკამებით მოსწავლეთა ასაკობრივი და ფიზიკური თავისებურებების გათვალისწინებით, სრულად აღიჭურვა 31 საჯარო სკოლა. გარდა ამისა, 2025 წელს აჭარაში სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე დასრულდება 15-მდე საჯარო სკოლის როგორც მშენებლობა, ასევე რეაბილიტაცია.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა მინისტრის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.
გალერეა


