
ფესტივალი – ,,საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“
დღეს ბათუმში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების ფესტივალი – „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ გაიმართება. ფესტივალის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესება, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის ზრდა. ბსუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში ტარდება ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე IV“.
,,სამეცნიერო კონფერენცია იმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით. ღია ცის ქვეშ სამეცნიერო პავილიონების გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლები. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის სამეცნიერო პროექტის შედეგები, სახალისო აქტივობები მოსწავლეებისათვის, გამოფენები, ვიქტორინები და სხვა. სამეცნიერო პავილიონები გაიხსნება 19 სექტემბერს, 13:00 საათზე, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზეა, – ნათქვამია ბსუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.