ბათუმი საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს
By

ბათუმი საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

გუშინ ბათუმის საკალათბურთო დარბაზში ოფიციალურად და საზემოდ გაიხსნა საერთაშორისო ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში „მსოფლიოს ახალგაზრდული სერია – 2025“. გახსნის ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, საერთაშორისო მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პეტრა სიორლინგი, ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პედრო მოურა, საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი, აჭარის გათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდნენ. მათ სპორტსმენებს ღონისძიებაში მონაწილეობა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

ტურნირი, რომელიც საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით იმართება, საქართველოს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის, საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციისა და აჭარის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის მიერაა ორგანიზებული.

მასში მონაწილე 11, 13, 15, 17 და 19 ასაკობრივი კატეგორიების სპორტსმენები, ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში, ხოლო 15 და 19 წლის ასაკობრივი კატეგორია, ასევე, შერეულ წყვილთა თანრიგში იასპარეზებენ.

როგორც აჭარის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ მენაბდემ და აჭარის ნაკრების მწვრთნელმა გიორგი სარხაიანმა გვითხრეს, აჭარიდან მასში 8 სპორტსმენი ასპარეზობს: განრი ავჯიშვილი, მისი და მარიამ ავჯიშვილი, მარი გორგაძე, დიანა სააკიანი, ალბერტ მანუკიანი, მურად ბერიძე, ოთიკო ლორთქიფანიძე, გიორგი ჭიღიტაშვილი.

გახსნის ცერემონიაზე საკუთარი შემოქმედებით აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი“ წარსდგა.

ტურნირი 21 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • სექტემბერი 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *