
შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის ელჩიც კი ჩართული იყო ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაში
ჟურნალისტებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს, რუსეთის გარდა ვინ უქმნის საფრთხეს საქართველოს სუვერენიტეტს. მან კი უპასუხა, რომ ჩამოთვლა რთულია, თუმცა ერთ-ერთი მათგანი ევროკავშირის ელჩია, რომელიც „ჩართული იყო ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაში არჩევნებში ჩარევის გზით“.
პაპუაშვილის თქმით, ყველა ვინც ერევა ქვეყნის შიდა საკითხებში, ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს.
„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ევროპული ქვეყანა, რომელიც ჩაერია საქართველოს არჩევნებში 2024 წელს, მათ შორის, თავად ევროკავშირი, მისი ელჩის სახით, რომელიც ერეოდა საქართველოს არჩევნებში, აკეთებდა პოლიტიკურ კომენტარებს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით. მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, ევროკავშირის ელჩმა შეაფასა ჩვენი საარჩევნო ბანერი, გახსოვთ, ამაზრზენი უწოდა მას. რა თქმა უნდა, მას არავინ არ ეკითხება ჩვენი საარჩევნო ბანერი როგორი უნდა იყოს, მაგრამ როდესაც ის საუბრობს ერთი პარტიის ბანერზე და ერთი პარტიის საარჩევნო სტრატეგიასა თუ ტაქტიკაზე, ნიშნავს, რომ ის კამპანიაშია ჩართული ამ ერთი პარტიის წინააღმდეგ. რომელი ერთი დაგისახელოთ, როდესაც ევროკავშირის ელჩიც კი თავად იყო ჩართული ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაში არჩევნებში ჩარევის გზით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.