
პრემიერ-მინისტრი განათლების საერთაშორისო ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა (WFME) და ევროპის სტუდენტთა ასოციაციის (ESU) წარმომადგენლებს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრმა განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემის თვისებრივ გარდაქმნას ისახავს მიზნად და ამ პროცესში მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაზე, სტუდენტის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო და სამეცნიერო პროცესების განხორციელებაზე, უმაღლეს განათლებაში პრიორიტეტების სწორად განსაზღვრასა და უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე.
განათლების საერთაშორისო ასოციაციებისა და ქსელების წარმომადგენლები თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან.