კომისიამ მასწავლებლის ეროვნული პრემიის 10 კანდიდატი გამოავლინა
By

კომისიამ მასწავლებლის ეროვნული პრემიის 10 კანდიდატი გამოავლინა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის კანდიდატთა გამოვლენის მიზნით, კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელზეც კომისიის წევრებმა საუკეთესო ისტორიის მქონე 10 პედაგოგი შეარჩიეს. ცნობისთვის,   27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, კომისიის მიერ შერჩეულ პედაგოგებს   პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი გადაეცემათ.

„ვაგრძელებთ ტრადიციას – დღეს შეიკრიბა კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანებით, ღვაწლმოსილი პედაგოგებით, საზოგადო მოღვაწეებით. საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დავდექით, რადგან ქვეყნის მასშტაბით შემოსული იყო 400-მდე განაცხადი არაჩვეულებრივი, ღვაწლმოსილი მასწავლებლების სხვადასხვა ისტორიით.

დაგვჭირდა საკმაოდ დიდი დრო იმისთვის, რომ დეტალურად შეგვესწავლა თითოეული მათგანის ისტორია და გავცნობოდით მათ მართლაც გამორჩეულ მოღვაწეობას. ნამდვილად შთამბეჭდავია ის უდიდესი ამაგი, რასაც ჩვენი პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდაში დებენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, წელს, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით,  ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება იმართება. მასწავლებლები, რომლებიც რეგიონების ღონისძიებებზე დაჯილდოვდებიან, 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ დასკვნით ღონისძიებას დაესწრებიან.

  • No Comments
  • სექტემბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *